თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია 12 ადამიანი

პუბლიკა

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ავტომაგისტრალიდან გადავარდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ავტობუსი თურქეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ სივასიდან სტამბოლის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

თურქული მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა იოზგათის ავტომაგისტრალზე მოხდა. ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა, შემდეგ კი გზატკეცილიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური, სასწრაფო დახმარება და პოლიცია.

გავრცელებული ცნობით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავამდყოფოში გადაიყვანეს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

„ვუსამძიმრებ იმ ადამიანების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ვინც სივასიდან სტამბულის მიმართულებით მოძრავ ავტობუსში იმყოფებოდნენ, რომელიც სორგუნის რეგიონში ხევში გადავარდა. მათ, ვინც ავარიის შედეგად დაშავდა, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საჭირო სამართლებრივი პროცედურები მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია,“ – წერს Twitter-ზე იუსტიციის მინისტრი, ილმაზ თუნჩი.