TV პირველის და „მთავარის“ გადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, რომან ხორავას გადაწყვეტილებით, „ტელეკომპანია პირველისა“ და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმაში ბრალდებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე 1983 წელს დაბადებული აკაკი ნაკაშიძე, 1999 წელს დაბადებული თორნიკე დავლაშერიძე, 1986 წელს დაბადებული ილია ქებაძე და 1996 წელს დაბადებული თემურ ხარაული დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, დაკავებულმა აკაკი ნაკაშიძემ და თორნიკე დავლაშერიძემ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დაკავებულებმა ილია ქებაძემ და თემურ ხარაულმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.