„TV პირველის" ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

პუბლიკა

„TV პირველის” ოპერატორზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით კიდევ ერთი პირი – 2000 წელს დაბადებული ი.წ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.წ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „tv პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამავე ფაქტზე, სამართალდამცველებმა, 2 პირი დააკავეს – 14 ივლისს, 1988 წელს დაბადებული ვ.ბ., ხოლო 17 ივლისს 1997 წელს დაბადებული ნ.გ., ბრალდებულებმა „tv პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, 5 -6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 26 პირი, კერძოდ:

•ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 22 პირი;

• ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი;

• 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.