„TV პირველის“ წამყვანის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „TV პირველის“ ჟურნალისტის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ ტელეკომპანიას 15 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა. კახა კალაძე მორალური ზიანისთვის ჟურნალისტისგან 100 000 ლარს მოითხოვდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოიტანა. მან კახა კალაძის სარჩელი, გარდა თანხის ოდენობისა, ყველა სხვა  ნაწილში დააკმაყოფილა.

სხდომის დასრულების შემდეგ კახა კალაძის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ ისინი კმაყოფილნი არიან ამ გადაწყვეტილებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრეცენდენტი. ჩვენ ვართ კმაყოფილები, ბუნებრივია, იმიტომ, რომ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგინდა ის გარემოება, რომ „TV პირველის“ საშუალებით ჟურნალისტმა მამულაშვილმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია –  კალაძის მიერ 60 მილიონი ლარის მოპარვასთან დაკავშირებით, თქვა ტყუილი და ეს დადასტურდა სასამართლოს გადაწყვეტილებით“, – თქვა მან.

„TV პირველის“ იურისტმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან საშიში პრეცენდენტია და გამოხატვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.

„ეს არის იმ საშიში ტენდენციის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ორი წელია, სასამართლოში, როცა მასობრივად შედის და კმაყოფილდება ხელისუფლების წარმომადგენლების სარჩელი ცილისწამებასთან დაკავშირებით. დღევანდელ საქმეშიც სასამართლოს არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, დაეკმაყოფილებინა ეს სარჩელი. სასამართლომ არ გაითვალისწინა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ის რისკები, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებას ახლავს თან. ეს პირდაპირი მესიჯია სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ არ ისაუბრონ ხელისუფლებაზე და არ გააკრიტიკონ ის“, – თქვა ტელეკომპანიის იურისტმა მარი კაპანაძემ.