თვითდასაქმებულები, რომლებმაც დოკუმენტაცია სრულად ვერ შეავსეს, დახმარებას მაინც მიიღებენ – გახარია

პუბლიკა

80 000 თვითდასაქმებულს, რომლებმაც ერთჯერადი პროგრამის ფარგლებში ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, მთავრობის გადაწყვეტილებით, 300 ლარი მაინც დაერიცხება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე მთავრობა თვითდასაქმებულების დახმარების ერთჯერად პროგრამას ხურავს, თუმცა გრძელდება სხვა სოციალური პროგრამები, მათ შორის, პანდემიის გამო სამსახურდაკარგულების, შშმ პირებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების.

„სანამ გადავალთ ფართომასშტაბიან ნაბიჯებზე, რომელიც ეხება ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ კრიზისში მხარდაჭერის მესამე ეტაპს, მინდა, გარდამავალი ერთი კომპონენტი დავხუროთ და ეს პროგრამა დავასრულოთ დღევანდელი ეფექტებით. ეს გახლავთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერა.

ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ამ პერიოდში მთავრობას მომართა 250 ათასმა საქართველოს მოქალაქემ თვითდასაქმებულებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი 300 ლარის მიღების თხოვნით. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველამ, 170 ათასმა მოქალაქემ, რომელსაც სრულად ჰქონდა დოკუმენტაცია შევსებული და აკმაყოფილებდა მთავრობის მოთხოვნებს.

თუმცა დღეს ჩვენ სანამ გადავალთ მომდევნო ეტაპზე და თვითდასაქმებულების დახმარების პროგრამას დავხურავთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დარჩენილ 80 ათას მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი.

ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი პროგრამა დასრულდება. ყველა სხვა სოციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა სამსახურის დაკარგვის, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახებში, გაგრძელდება თავის ვადებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.