„რეგისტრაცია ვერ გადაიწევს. ოფიციალურად, სამართლებრივად ამას ვერ გავაკეთებთ. თუმცა, ამ ინტერესიდან და სამოქალაქო აქტივობიდან გამომდინარე, მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სურვილი და რეკავენ 18:00 სთ-მდე, ჩვენ შეგვიძლია ამ ზარებს ვუპასუხოთ“, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას ფეისბუქგვერდზე, პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება არადამაკმაყოფილებელია, თუმცა მაინც პატარა პროგრესია.
„გარდა იმისა, რომ რამდენიმე საათი მოვიგეთ და 6 საათამდე შეგიძლიათ გააგრძელოთ რეკვა, მივიღეთ პირობა, რომ ყველა ადამიანს, ვისი ზარიც შევიდა და არ უპასუხეს, გადაურეკავენ. გავაკონტროლებ ამ პირობის შესრულებას. მომაწოდეთ ინფორმაცია, თუ არ დაგირეკავენ“, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.
როგორც ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში ჩანდა, გოგორიშვილისა და ხოშტარიას ცესკოს შენობაში დაცვის სამსახურის თანამშრომლები არ უშვებდნენ. დაცვის თქმით, შესაბამისი საშვის გარეშე შენობაში შესვლა აკრძალული იყო, თუმცა ხოშტარიამ და გოგორიშვილმა ცესკოში შესვლა მაინც მოახერხეს.
გუშინ, ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. მიქელაძის თქმით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურების მოთხოვნა 27 ოქტომბერს 14:00 საათამდე იქნებოდა შესაძლებელი.