აქვს თუ არა დამსაქმებელს უფლება, თვითიზოლაციაში მყოფი დასაქმებული სამსახურში დაიბაროს, – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს, რომ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულისთვის თვითიზოლაციის წესის დარღვევის მოთხოვნა უნდა მივიჩნიოთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებად.
EMC ამ პოზიციას ასე ასაბუთებს:
► საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, პირები, ვისაც ჰქონდა ან შეიძლება ჰქონოდა შეხება დაავადების წყაროსთან, ვალდებულნი არიან იყვნენ იზოლაციაში დაავადების გამომწვევთან ექსპოზიციის ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში და აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობა.
► საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა ისჯება ჯარიმით ან . სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
► ამავე კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა, რამაც ადამიანთა მასობრივი დაავადება,ან მოწამვლა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
გარდა ამისა, EMC წერს, რომ დასაქმებულს აქვს სამუშაოსა თუ მითითების შესრულებაზე უარის თქმის უფლება, თუკი ეს სამუშაო შრომის უსაფრთხოების პირობების შეუსრულებლობის გამო გარკვეულ საფრთხეს უქმნის დასაქმებულს ან მესამე პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დამსაქმებლის მიერ თვითიზოლირებული თანამშრომლისათვის სამსახურში გამოცხადების მოთხოვნამ შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას ამ უკანასკნელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე ყველა იმ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ვისთანაც ამთანამშრომლებს ექნებათ შეხება როგორც სამუშაო პროცესში, ისე სამუშაოს გარეთ (მაგ., სამარშუტო ტაქსით, მეტროთი ან ავტობუსით სარგებლობისას).
„დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამუშაო ადგილზე გამოცხადების დავალდებულება შეიძლება შეფასდეს როგორც იძულებითი შრომა, რაც საქართველოს კონსტიტუციითაა და არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტითაა აკრძალული. გარდა ამისა, იძულებითი ან სავალდებულო შრომის აკრძალვა წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ღირსეული შრომის კონცეფციის ქვაკუთხედს. შესაბამისად, თვითიზოლაციაში მყოფი პირების უფლება არ გამოცხადდნენ სამუშაო ადგილზე დაცულია ეროვნული კანონმდებლობით, ხოლო დამსაქმებლის საპირისპირო მოთხოვნა კანონდარღვევას წარმოადგენს და წინააღმდეგობაში მოდის როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო კანონმდებლობასთან”, – წერს EMC.