ირანის ოფიციალური პირების თქმით, უკრაინული თვითმფრინავის შემთხვევით ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე პირი დააკავეს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საგამოძიებო კომისიის წარმომადგენელმა ღოლამჰოსეინ ისმაილმა დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ხოლო ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის თქმით, ამ საქმეს სპეციალურად დაკომპლექტებული სასამართლო განიხილავს.
8 იანვარს უკრაინული ავიახაზების Boeing 737, რომელიც თეირანიდან კიევში უნდა გაფრენილიყო, თეირანში იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 170-ზე მეტი მგზავრიდან ყველა დაიღუპა. მგზავრთა უმეტესობა ირანის და კანადის მოქალაქე იყო.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა, ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებს გაენადგურებინათ. ამის შესახებ ისაუბრეს აშშ-ის, კანადის, NATO-ს ოფიციალურმა პირებმა.
ეს ინფორმაცია თავად ირანის ხელისუფლებამ 11 იანვარს დაადასტურა და მას „სამწუხარო შეცდომა“ უწოდა. „სევდიანი დღეა. შეერთებული შტატების ავანტიურის შედეგად გამოწვეული კრიზისის დროს ადამიანურმა შეცდომამ უბედურება გამოიწვიია“, – წერდა Twitter-ში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.