ირანმა შეცდომით ჩამოაგდო უკრაინული თვითმფრინავი - ამერიკული მედია

პუბლიკა

„ბიბისი“ ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს, ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რაკეტა შეცდომით მოხვდა.

სიბიეს“-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავს რაკეტა მოხვდა. მანამდე კი უკრაინის ხელისუფლებამ თვითმფრინავის კატასტროფის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რაკეტა დაასახელა.

CNN-ის ცნობით, ეს თეორია ეფუძნება სატელიტებიდან და რადარებიდან მიღებულ და სხვა ელექტრონულ მონაცემებს, რომლებსაც აშშ-ის სამხედრო ძალები და სადაზვერვო სამსახური აგროვებენ.

ირანი ავიაკატასტროფის დროს ჩამოვარდნილი უკრაინული თვითმფრინავის შავ ყუთს მწარმოებელ კომპანია „ბოინგს” არ გადასცემს, – ამის შესახებ თეირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ განაცხადა.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა 8 იანვარს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ჩამოვარდნილი თვითნფრინავი „ბოინგ 737″ საუკეთესო თვითმფრინავი იყო ავიახაზების თვითმფრინავებიდან. მათი თქმით, არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ თვითმფრინავს რამე პრობლემა ჰქონდა.

ირანში უკრაინის საელჩოს წინასწარი ინფორმაციით და მათი განცხადებით,  თვითმფრინავის ძრავს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ავიაკატასტროფა ტერორიზმს არ უკავშირდებოდა.

უკრაინული Boeing 737, რომელიც თეირანიდან კიევში უნდა გაფრენილიყო, თეირანში იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 170-ზე მეტი მგზავრიდან ყველა დაიღუპა.