თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბარიერი თბილისში 2.5% იქნება | კანონპროექტი

პუბლიკა

საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ წევრთა წილი იზრდება. დაგეგმილი ცვილებების თანახმად, საარჩევნო ბარიერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რეგიონების შემთხვევაში 3% იქნება, ხოლო თბილისში 2.5%-იანი ბარიერი იმოქმედებს.

ცვლილებების თანახმად, თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 10 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 40 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე.

„თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 2.5 პროცენტისა“, – წერია კანონპროექტში.

გუშინ, საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილისა და ლევან იოსელიანის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. დეპუტატებმა მოკლედ წარმოადგინეს ის ძირითადი სიახლეები, რომლებსაც საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებს.