„ღიად რჩება მხოლოდ საარჩევნო ბარიერის საკითხი“ | რა წერია საარჩევნო კოდექსის პროექტში

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის წევრების შალვა პაპუაშვილისა და ლევან იოსელიანის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა,  4 თებერვალს პარტია „მოქალაქეებისა“ და „ოცნების“ ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა, რომ იქმნებოდა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი. სწორედ ამ ჯგუფმა შეიმუშავა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც დეპუტატებმა პარლამენტს დღეს წარუდგინეს.

„სამუშაო ჯგუფის შექმნა თავის მხრივ იყო ჩვენს პარტიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის პირველი ნაბიჯი. ასევე გახსოვთ, რომ ამ მემორანდუმს შემოუერთდნენ „ევროპელი სოციალისტები“. დღეს ჩვენ ვდგამთ მეორე ნაბიჯს და საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტს, რომელიც შემუშავდა სამუშაო ჯგუფში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს პროექტი ფუნდამენტურად ცვლის და ხვეწს,  როგორც საარჩევნო სისტემას, ისე საარჩევნო პროცედურებს.

დეპუტატმა მოკლედ წარმოადგინა ის ძირითად სიახლეები, რასაც ეს საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებს, კერძოდ:

  • გაიზრდება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილი, კერძოდ, თვითმმართველ ქალაქებში – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი – ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება 4 პროპორციული წესით არჩეული წევრი. ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში იქნება 1 მაჟორიტარზე 2 პროპორციული წესით არჩეული წევრი;

  • სარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები დაკომპლექტება 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრით, პარიტეტის პრინციპით, ანუ ერთი პარტია ერთი წევრით;

  • დაინერგება ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრირება და საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული დათვლის სისტემა;

  • აიკრძალება უბნის დოკუმენტაციის დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შესწორების ოქომის შედგენა;

  • აიკრძალება საოქლო კომისიის მიერ შესწორების ოქმის შედგენა დოკუმენტაციის გახსნისა და ბიულეტენების გადათვლის გარეშე;

  • მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საჩივარი 73-ვე საარჩევნო ოლქში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება 5 უბანი, რომელიც გადაითვლება. ჯამში, არჩევნებზე გადაითვლება 365 უბანი, რაც წარმოადგენს უბნების საერთო რაოდენობის 10%-ს;

  • გაიზრდება საჩივრების შეტანისა და განხილვის ვადები, ასევე შესაძლებელი გახდება საჩივრის ელექტრონული ფორმით შეტანა. შესაძლებელი იქნება ცესკოს მიერ სამართალდარღვევის ოქმის უარის გასაჩივრება სასამართლოში.

  • აიკრაძალება საარჩევნო უბნებში 100-მეტრიან რადიუსზე შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა;

  • გაფართოვდება იმ საჯარო მოხელეების წრე, რომლებსაც ეკრძალება წინასარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა;

  • აიკრძალება წინასაარჩევნიო აგიტაციისთვის საჯარო მოხელეების სამსახურეობრივი ნიშნით შეკრება.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მემორანდუმის ერთადერთი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე ღიად რჩება, შეეხება სარჩევნო ბარიერს.

„როგორც იცით, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა კონსტიტუციით დღეს გათვალისწინებული 5%-იანი ბარიერიდან მაქსიმუმ 3%-მდე. თუმცა ამისათვის საჭიროა პარლამენტში მუშაობდეს დეპუტატთა ის რაოდენობა, 113 დეპუტატი, რომელიც საჭიროა კონსტიტუციის შეცვლისთვის”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სანამ პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს ამ ცვლილებებს, სამუშაო ჯგუფს აქვს 2-თვიანი პერიოდი, კიდევ უფრო დახვეწოს ცვლილებები. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციის წევრებს, შევიდნენ პარლამენტში და საარჩევნო რეფორმაში მიიღონ მონაწილეობა.

პარტია „მოქალქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს „ისტორიული დღეა“, რადგან რეფორმა, რომელზეც სამუშაო ჯგუფმა იმუშავა, ძალიან მნივნელოვანია და ეს ცვლილებები არჩევნებს გახდის უფრო სანდოს მოქალაქეებისათვის.

მისი თქმით, მათი ამოცანა რაც იყო, როცა პარლამენტში შევიდნენ, შესრულდა.

„როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, თვითმმართველობის, ვადამდელი თუ 2024 წლის არჩევნები, ეს არჩებნები იქნება ბევრად უფრო გამჭირვალე და ბევრად უკეთესი, ვიდრე აქამდე ყოფილა”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.