თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა ისევე, როგორც ტესტირება, გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში – ტიკარაძე

პუბლიკა

„თვითნებურად ჩატარებული მკურნალობა ისევე, როგორც ტესტირება, არ არის მაღალი შედეგის მომცემი და, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს გარკვეულ გადატვირთვას სისტემაში და ეს არ იქნება სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის დინამიკას ლაბორატორიები უმკლავდებიან თუ არა, ტიკარაძე პასუხობს:

„ეპიდემიოლოგებსა და ჯანდაცვის სამინისტროს გვაქვს კონკრეტული კოეფიციენტები, რომლითაც დადგენილია ინფექციის გავრცელების რომელ ეტაპზე რა რაოდენობის ტესტია ჩასატარებელი. მე კარგად მესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, ინტერესიდან გამომდინარე აქვთ სურვილი, რომ ჩაიტარონ ტესტი. მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ვირუსის გავრცელების  კონკრეტულად ეტაპზე, ტესტის ჩატარება არის არაეფექტიანი. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, დაიცვან ყველა ის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც განსაზღვრავენ ეპიდემიოლოგები და ამ რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება არანაირი რიგი [ლაბორატორიებთან]“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განცხადებით, დღეის მონაცემებით,  30 ლაბორატორია. მისივე განმარტებით, ეს ლაბორატორიები აკმაყოფილებს ყველა იმ მოცულობას და გამტარობას, რომელიც დღეს საქართველოსთვის არის საჭირო.