Twitter მომხმარებელს აფრთხილებს, რომ ტრამპის კომენტარი მძარცველებისთვის სროლაზე ძალადობისადმი კეთილგანწყობას შეიცავს

პუბლიკა

Twitter მომხმარებელს აფრთხილებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომენტარი სოციალურ ქსელში, რომ მინესოტის შტატში ქალაქ მინეაპოლისში წესრიგის დასამყარებლად ჯარს გაგზავნიდა და ძარცვის შემთხვევაში, ცეცხლსაც გახსნიდნენ, ძალადობისადმი კეთილგანწყობას შეიცავს.

სოციალური ქსელის ადმინისტრაციის განცხადებით, ტრამპის კომენტარი მათ წესებს არღვევს, ამიტომ პრეზიდენტის „ტვიტი“ დამალეს, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, არ წაშალეს და გაფრთხილების შემდეგ მისი ნახვა ისევ შესაძლებელია.

„ან ეს ძალიან სუსტი რადიკალი მემარცხენე მერი ჯეიკობ ფრეი იმოქმედებს და დაამყარებს კონტროლს, ან გამოვგზავნი შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც მოთოკავენ კრიმინალებს, ჯორჯ ფლოიდის სახელს რომ შეურაცხყოფენ და მე ამას აღარ დავუშვებ.

ველაპარაკე გუბერნატორ ტიმ ვალსს და ვუთხარი, რომ შეიარაღებული ძალები მას ყველაფერში დაეხმარებიან. სირთულეებს გადავლახავთ და კონტროლს დავამყარებთ, თუმცა იწყება ძარცვა და იწყება სროლაც“, – წერდა ტრამპი Twitter-ზე.

სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ტრამპის კომენტარი ძალადობისადმი კეთილგანწყობად და მათი წესების დარღვევად მიიჩნია. ამიტომ Twitterის მომხმარებლებს აშშ-ის პრეზიდენტის „ტვიტის“ ნახვისას შესაბამისი გაფრთხილებაც ხვდება.

მოგვიანებით, Twitter-მა დამატებით განმარტა, რატომ მიიჩნიეს ტრამპის კომენტარი ძალადობრივად. „ბოლო ხაზთან დაკავშირებული ისტორიული კონტექსტის, ძალადობასთან მისი კავშირის გათვალისწინებით და დღეს მსგავსი მოქმედებების წახალისების რისკის გამო“, – ნათქვამია სოციალური ქსელის ადმინისტრაციის კომენტარში.

მინესოტის შტატში, ქალაქ მინეაპოლისში პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები სამი დღეა გრძელდება. საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქის დაკავებისას პოლიციელის მხრიდან ძალადობის შემდეგ, უიარაღო მოქალაქე დაიღუპა. დაკავების კადრებში ჩანს, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციის მიერ ძირს დაგდებული შავკანიანი კაცი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება.

„ვაშინგტონ პოსტი“ სახანძრო სამსახურის უფროსზე დაყრდნობით წერს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქალაქის მასშტაბით დაახლოებით 30 შენობა გაანადგურეს. მათ შორის, დაიწვა პოლიციის პრეფექტურის შენობა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

BBC წერს, რომ მომიტინგეები დაკავებაში მონაწილე ოთხი პოლიციელის დასჯას ითხოვენ. ისინი, ასევე, მოუწოდებენ სამართალდამცავებს, შეწყვიტონ აფროამერიკელების მიმართ სასტიკი მოპყრობა.

ასეთივე მოთხოვნა აქვს გარდაცვლილის დას, ბრიჯიტ ფლოიდს. მისი განცხადებით, უნდა, რომ დაკავებაში ჩართულ ოთხივე პოლიციელს მკვლელობის ბრალდებით წარედგინოს ბრალი. BBC წერს, რომ მომიტინგეები დაკავებაში მონაწილე ოთხი პოლიციელის დასჯას ითხოვენ. ისინი, ასევე, მოუწოდებენ სამართალდამცავებს, შეწყვიტონ აფროამერიკელების მიმართ სასტიკი მოპყრობა.ასეთივე მოთხოვნა აქვს გარდაცვლილის დას, ბრიჯიტ ფლოიდს. მისი განცხადებით, უნდა, რომ დაკავებაში ჩართულ ოთხივე პოლიციელს მკვლელობის ბრალდებით წარედგინოს ბრალი.