ტყიბულის მერიას სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედის შეშით მომარაგების გამო მიმართავენ

პუბლიკა

„ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარი კორკოტაძე ქალაქ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ჩერქეზიშვილს წერილით მიმართავს, რომელშიც ორგანიზაციის ხელმძღვანელი წერს, რომ ტყიბულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მარტოხელა დედას, სამ შვილთან ერთად, შეშის უქონლობის გამო, სიცივეში უწევს ყოფნა. მუნიციპალიტეტს კი, მარტოხელა დედის არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე არ მიუტანია შეშა.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მათ შეშით უზრუნველყოფის ცალკე პროგრამა არ აქვთ და მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი „კეთილი ნების ფარგლებში“ ეხმარება. „მარინა რობაქიძე კი რიგშია და როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდება, აუცილებლად მივიტანთ მასთანაც შეშას. ჩვენ ძალიან გვაღელვებს ჩვენი თანაქალაქელების ბედი და შესაძლებლობის ფარგლებში, სხვადასხვა პროგრამიდან ყოველთვის ვუწევთ დახმარებას.“ – განუცხადეს „პუბლიკას“ ტყიბულის მერიის წარმომადგენელმა.

„მარტოხელა დედა. მას ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი, მათ შორის, ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, უნდა მოხდეს მათი დაუყოვნებლივი უზრუნველყოფა მთელი ზამთრის სამყოფი შეშით ქალაქ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ, თუკი ბავშვებს სიცივის გამო რამე დაემართებათ.“ – წერს მარი კორკოტაძე მერისთვის გაგზავნილ წერილში.

ამავე წერილში ის წერს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომელსაც აქვს გონებრივი ჩამორჩენა და საკმაოდ მძიმე ქცევითი სირთულეები, საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას და მკურნალობას.

„რადგანაც ქალაქ ტყიბულში არ არსებობს არანაირი სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ქალბატონი მარინა ატარებს შვილს თერაპიაზე, იგი იძულებულია ბავშვი სახლში გამოკეტოს და მასთან ერთად თავადაც გამოკეტილი იყოს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქალბატონი მარინა გახლავთ მარტოხელა დედა და სწორედ ამიტომ არის, რომ იგი ვერ მუშაობს და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.“  – წერს მარი კორკოტაძე.

ტყიბულის მერიის წარმომადგენლის თქმით, მერიას ცალკე პროგრამა მოქალაქეების შეშით უზრუნველყოფის არ აქვს და გადაბელვითი სამუშაოების შემდეგ, როგორც კი ჩნდება მასალა, მოთხოვნის შესაბამისად, ურიგდებათ მოქალაქეებს. მათივე თქმით, შეშით უზრუნველყოფისთვის არაერთი განცხადება იწერება მუნიციპალიტეტის სახელზე და რიგითობის წესით დაცვით რიგდება შეშა ოჯახებში.

მისივე თქმით, შეშის მოგროვებას ხელს უშლის ხოლმე ამინდები, რადგან ცუდ ამინდში ხეების გადაბელვა ვერ ხერხდება.