„უახლოეს მომავალში წარდგება წლიური ანგარიშით“ - ოპოზიცია საკრებულოში კალაძის მისვლას მოითხოვს

პუბლიკა

ოპოზიცია საკრებულოში თბილისის მერის, კახა კალაძის მისვლას მოითხოვს.

როგორც ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განუცხადა, მერი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე არ მივა, კალაძე უახლოეს მომავალში წლიური ანგარიშით წარდგება საკრებულოს წინაშე.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მერთან შეკითხვები ვაკის პარკის შადრევანთან დაკავშირებით აქვთ, კალაძე კი პასუხის გაცემას „ემალება“.

„ქართულ ოცნებას“ და პირველ რიგში კახა კალაძეს არ აქვს პასუხები შეკითხვაზე, არ აქვს პასუხი მთავარ შეკითხვაზე, რატომ მოხდა ის უდიდესი ტრაგედია დედაქალაქში, რამაც ანგელოზივით ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჩვენ ამ ტრაგედიამდე მივედით სწორედ ასეთი გადაწყვეტილებებით და დღეს აღარავის აღარ გვიკვირს, რომ შეშინებული კახი კალაძე დღესაც კითხვებზე პასუხის ნაცვლად დაიმალა და ის პირველ რიგში დაემალა თბილისელებს.

ის დაემალა იმ კითხვებს, რომლებიც არსებობს მის წინაშე, მერიაში გამეფებული ტოტალური კორუფციის გამო , „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ პირველ რიგში დაინტერესებულნი, რომ დაესვათ კითხვები, კახა კალაძე არ იყო ერთადერთი, ვინც ის მკვლელი შადრევანი ზარზეიმით გახსნა, მასთან ერთად იყვნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ირაკლი ნადირაძემ დღევანდელ სხდომაზე.

კახა კალაძე უახლოეს მომავალში მოვა – წლიური ანგარიში უნდა წარადგინოს. ახლა, როცა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, კალაძე ოპოზიციას პასუხს არ გასცემს.

საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ კალაძე საკრებულოში უახლოეს მომავალში წლიური ანგარიშით წარდგება.

„თბილისის მერი თბილისის საკრებულოში უახლოეს მომავალში  წარდგება წლიური ანგარიშით… როცა საკრებულოს თავმჯდომარე არ ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, ოპოზიციურ კოლეგებს, აქვთ უფლება, რომ თვითონ დანიშნონ საკრებულოს სხდომა…

ჩვენ იმ სხდომის დანიშვნას არ ვაპირებთ რომელშიც, რა თქმა უნდა, მონაწილეობის მიღება არ გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა ტყემალაძემ.