გადაცემა „რეალური სივრცის“ სარედაქციო გუნდის წევრებმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებთან“ ერთად პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას გააცნეს თავიანთი გადაწყვეტილება – არ მოაწერონ ხელი ხელმძღვანელობის შეთავაზებას. ეს კი, მათი განცხადებით, ნიშნავს, რომ არხი მათთანაც გაწყვეტს შრომით ხელშეკრულებებს.
გუნდის განცხადებით, 30 აპრილს მენეჯმენტმა მათ აცნობა, რომ მას შემდეგ, რაც წამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაუშვეს, აღარ იგეგმებოდა გადაცემის საპროექტო ვადის გაგრძელება. თანამშრომლების თქმით, საზმაუმ გადაწყვიტა დაშალოს „რეალური სივრცის“ გუნდი და გადაანაწილოს ისინი მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაზე.
„30 აპრილს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდს წერილობით აცნობა შემდეგი გადაწყვეტილება: იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა აღნიშნული ტოქშოუს წამყვანთან და სახესთან – ნინო ზაუტაშვილთან, ხსენებული ტოქშოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება. ამავე დოკუმენტიდან ვარკვევთ, რომ საზმაუს მენეჯმენტის სურვილია დაშალოს რეალური სივრცის გუნდი და საკუთარი გადაწყვეტილებით გაანაწილოს მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაზე. ჩვენ შემოგვთავაზეს მუშაობა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს დილის გადაცემაში, ვებზე, პრომოუშენის დეპარტამენტში, მუსიკალურ გადაცემაში.
ჩვენ არ ვაკნინებთ მაუწყებლის არც ერთ შემოქმედებით რედაქციას ან გადაცემას, მაგრამ აშკარაა მენეჯმენტის განზრახვა, გუნდი დანაწევრდეს და მისმა ვერც ერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი კეთების გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს, არ აკეთოს გადაცემა, რომელიც, ვფიქრობთ, ახლა განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოებას, რომელიც პირდაპირ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ ფუნქციას – ისმოდეს საზოგადოების ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. […] მენეჯმენტის მერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი ამ გადაცემის, ანუ იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით.
ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს ჩვენთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას. ამიტომ, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი – საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელმა რამდენჯერმე, იმ კონკრეტული სახელებითა და გვარებით, რომელსაც შეინახავს ამ არხის საქმისწარმოების დეპარტამენტი, კანცელარია, დახურა 12-წლიანი ისტორიის გადაცემა – რეალური სივრცე და უკანონოდ გაუშვა მისი წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
რეალური სივრცის სარედაქციო გუნდმა მხარდაჭერა გამოუცხადა დაკავებულ ჟურნალისტ მზია ამარლობელს, მხნეობა უსურვა „საზმაუს მცველების“ წევრებს, რომლებიც რჩებიან მაუწყებელში და „აგრძელებენ უმნიშვნელოვანეს ბრძოლას საზმაუს იდეის დასაცავად“.
„ჩვენ ვრჩებით მათ გვერდით და გარედან არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ საზოგადოებამ ბოლოსდაბოლოს მიიღოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. სოლიდარობა და თავისუფლება ჩვენს კოლეგას, მზია ამაღლობელს, რომლის სიტყვებიც – იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის – უნდა გვახსოვდეს.
ჩვენი ბრძოლის ერთადერთი საშუალება კი სიმართლის თქვენამდე მოტანაა, გადაცემა რეალური სივრცის გუნდს, ამ არხზე, ეს შესაძლებლობა აღარ აქვს.
აქვე, წარმატებას ვუსურვებთ საზმაუს ყველა თანამშრომელს. ყოველთვის არის შესაძლებლობა თქვენს სამონტაჟოებში, გადაღებისას, ტექსტის წერისას თუ პირდაპირ ეთერში, რომ შეძლოთ ამ პროფესიის ღირსების დაცვა. ჩვენ გვჯერა, რომ, უკვე, როგორც მაყურებლები, ისე გავიგონებთ თქვენს ხმას.
ამის მაგალითიც ჩვენ უკვე გვაჩვენეს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, ნინო ზაუტაშვილმა და საზმაუს უკლებლივ ყველა მცველმა“, – აცხადებს „რეალური სივრცის“ გუნდი.
11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ორივე ტელეწამყვანი აცხადებს, რომ მოკვლევის შედეგები და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი მათთვის ცნობილი არ არის. იმავე დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზაუტაშვილის და ჩიქოვანის გათავისუფლება სამართლიანი გადაწყვეტილებაა. მათივე განცხადებით, „დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულია სხვა სახის დისციპლინური სანქციები”.
გათავისუფლებული ტელეწამყვანების სოლიდარობის ნიშნად საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ორმა თანამშრომელმა – მონიტორინგის მენეჯერმა, თეა კახიანმა და რადიოს წამყვანმა, დავით ველიჯანაშვილმა დატოვეს.
პირველ მაისს ნინო ზაუტაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის გადაცემას ხურავდნენ.