„უბნების 8%, სადაც ოქმების დისბალანსი დაფიქსირდა“ | ცესკო ISFED-ს პასუხობს

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ ოქმების ე.წ. დისბალანსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ცესკოში აცხადებენ, რომ მათ მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, ე.წ. დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა  რაოდენობასთან მიმართებაში, საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში – 0.52%-ში ფიქსირდება.

ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, გახსნილი იყო 3 657 ძირითადი საარჩევნო უბანი (ამ უბნებში არ შედის სპეციალური და საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნები).

საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ ISFED-ის მხრიდან უბნების 8%-ზე აპელირება ოფიციალური მონაცემებით არ დასტურდება.

ცესკო წერს, რომ 4 ნოემბერს დამუშავებული ინფორმაციით, დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან (მონაწილეთა ხელმოწერები) მიმართებით, ფიქსირდებოდა 60 საარჩევნო უბანზე, რაც საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის 1.64%-ია.

დაზუსტებული და საბოლოო მონაცემებით (14 ნოემბრის მდგომარეობით) კი, ცესკოს ცნობით, პროპორციული შემაჯამებელი ოქმების ნაწილში, ბიულეტენების მეტობა  ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების  19 ოქმში ფიქსირდება.

„ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, გაურკვეველი რჩება, ზუსტად რას გულისხმობს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დასახელებული ბიულეტენების მეტობის ე.წ. დისბალანსი საარჩევნო უბნების 8%-ზე. ეს მონაცემი რადიკალურად განსხვავებულია და არსებითად აცდენილია საუბნო შემაჯამებელი ოქმების დამუშავებულ ცესკოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს როგორც 4 ნოემბრის მდგომარეობით, ისე საბოლოო მონაცემების მიხედვით.

შესაძლოა დავუშვათ ვარაუდი, რომ ორგანიზაციამ არ გაითვალისწინა საუბნო საარჩევნო კომისიების შესწორების ოქმები, რომელიც საუბნო შემაჯამებელი ოქმების განუყოფელი ნაწილია და არაერთი არჩევნებია წარმოადგენს დამკვიდრებულ საკანონმდებლო მექანიზმს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული საჭიროებს დაზუსტებას და მეტი ინფორმაციის წარმოდგენას, რაც აუცილებელია საკითხის ობიექტური შესწავლის, შეფასებისა და ზოგადად პროცესის სანდოობისთვის“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.