„ოცნება" პრობლემებს აიგნორებს. უბნების 8%-ზე იყო დისპროპორცია, რომელზეც რეაგირება არ მომხდარა - ნიჟარაძე

პუბლიკა

„ცდილობენ, რომ ყურადღება გადაიტანონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ თითქოს მთელი პრობლემა ამ მცირე ხარვეზში იყო. პროცენტი რაც გასწორდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მანდატებზე გავლევას არ ახდენს”, – ასე გამოეხმაურა ISFED-ის დირექტორი ელენე ნიჟარაძე „ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებას ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნება” აიგნორებს იმ პრობლემებს, რაზეც ვსაუბრობთ. უბნების 8%-ზე იყო დისპროპორცია, რომელზეც რეაგირება არ მოახდინა არც საარჩევნო ადმინისტრაციამ, არც სასამართლომ. აი, ეს იყო პრობლემა და ეს პრობლემა არ გასწორებულა”, – აცხადებს ნიჟარაძე „TV პირველთან” საუბრისას.

„მოდით, საკითხები მნიშვნელობის მიხედვით დავალაგოთ და არა სიახლეების”, – ამ საკითხს გამოეხმაურა ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია:

„1. ამ არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმების უპრეცედენტო რაოდენობაში იყო მნიშნელოვანი დისბალანსები, ჩასწორებები, გადაკეთებები. დაფიქსირდა ჩაყრები, ე.წ. კარუსელები. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით დაიწერა ასობით საჩივარი, თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ/სასამართლოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ განეხილათ, ემსჯელათ, გაეხსნათ და გადაეთვალათ უბნების მასალები. მათ არ შეასრულეს ის ვალდებულება, რის შესრულებასაც კანონი ავალდებულებთ;

2. არჩევნების დღეს იდენტიფიცირებულ პრობლემებს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი განხილვები რომ მოჰყოლოდა, დღეს ჩვენი დემოკრატია სულ სხვა დონეზე იქნებოდა! მძიმეა ფიქრი იმაზე, სად ვართ ახლა ან რამდენი წლით დავიხიეთ უკან, რამდენი წელი დავკარგეთ, სანამ იმას მივაღწევთ, რაც აქვე იყო და შესაძლებელი იყო”, – წერს ლომჯარია.

მან facebook-პოსტში ISFED-ის თანამშრომლებს პატივისცემა დაუდასტურა და ასევე აღნიშნა, რომ კითხვები რჩება და იმედია, ამ შეკითხვებს ორგანიზაციის წარმომადგენელი პირები ამომწურავ პასუხებს გასცემენ.

„სამართლიანი არჩევნებმა” 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.