კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ „შეცდომით"! მოიხადეთ ბოდიში - წულუკიანი ISFED-ს

პუბლიკა

„მოიხადეთ ბოდიში „ხარვეზისათვის” (what a sexy name!)”, – ასე გამოეხმაურა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი „სამართლიანი არჩევნების” (ISFED) მიერ გუშინ, 11 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებას ხმების პარალელური დათვლის შედეგებში ცდომილებასთან დაკავშირებით.

წულუკიანი facebook-ზე „სამართლიანი არჩევნების” (ISFED) დირექტორის ელენე ნიჟარაძის განცხადებას აზიარებს და წერს:

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს განცხადება საკმარისი არაა! კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ „შეცდომით”! და, თქვენი ეს მძიმე მდგომარეობა „მძიმე მდგომარეობაა”, ხოლო თქვენი „შეცდომის” გამო ცესკოზე (რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არა უბრალოდ ნჯო, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტია!) საძაგელი და უზრდელი თავდასხმები მათთვის სავარაუდოდ ძალიან სახალისო პერიოდი იყო?! ხომ აღმოჩნდა, რომ თქვენმა პარალელურმა დათვლამ (ანუ დათვლა იმავე ოქმებზე დაყრდნობით!) ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ყველა პარტიის შემთხვევაში, რაც ცესკოს დათვლამ? მაშინ რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს? მოიხადეთ ბოდიში „ხარვეზისათვის” (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა, რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის”, – წერს წულუკიანი.


„სამართლიანმა არჩევნებმა” 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.