საპროტესტო აქციების მონაწილე, უჩა ქემაშვილი მოსამართლე დავით თეთრაულმა სამართალდამრღვევად ცნო და 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
„ქვეყანაში სასამართლო აღარ არის. ბრძოლა გრძელდება. ცეცხლი ოლიგარქიას“ – თქვა უჩა ქემაშვილმა სასამართლო დარბაზში.
ქემაშვილი 27 მაისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას გულისხმობს.
26 მაისს აქციაზე უჩა ქემაშვილი ალუჩას არიგებდა. საღამოს გავრცელდა ვიდეო, სადაც მას ხელში „ქართული ოცნების“ ცეცხლმოკიდებული დროშა უჭირავს. ქემაშვილის და ფიქრობს, რომ დაკავების მიზეზი სწორედ ეს გახდა.
ადვოკატის თქმით, სამართალდამცველების ვერსიით, ქემაშვილი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, არ დაემორჩილა და დააკავეს. ადვოკატი აცხადებს, რომ თუ დაკავების ერთ-ერთი მიზეზი „ქართული ოცნების“ პარტიული დროშის დაწვა გახდა, ასეთი სიმბოლიკის დაწვა კანონმდებლობით არ ისჯება.
„დღეს უჩა ქემაშვილი დააკავეს, სადღაც ჯურღმულში ჩასვეს ახლა ციხეში იმის გამო, რომ თურმე აქციებზე ალუჩას არიგებს, იმის გამო ჩასვეს თურმე, რომ რაღაც ნაჭერი დაწვა. ამის გამო ხომ ვერ დააკავებდნენ, მერე შეუთითხნეს რაღაც საქმე, თითქოს ათეულობით პოლიციელს გაუწია წინააღმდეგობა თავის სახლთან. თავის სახლთანაც ვარკეთილის პოლიცია კი არ იყო, გამოედევნენ რუსთაველის ტერიტორიიდან პოლიციელები, ათეულობით და დააკავეს“, – თქვა ტყეშელაძემ.