აუცილებელია გადასახადები გაიზარდოს მაღალ შემოსავლებზე - „სოციალ-დემოკრატები“

პუბლიკა

პარტია „სოციალ-დემოკრატები“ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აფასებენ. პარტიაში ამბობენ, რომ  მიესალმებიან 750 ლარამდე შემოსავლის გადასახადისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას, მაგრამ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, გადასახადები გაიზარდოს მაღალ შემოსავლებზე.

„მთავრობის მიერ ფიზიკური პირების 750 ლარამდე შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება (ასევე, 1500 ლარამდე შემოსავლის 750-ლარიანი წილის 20 პროცენტის საშემოსავლოსგან) წარმოადგენს ე.წ. პროგრესული დაბეგვრის შემოღებას. ჩვენ მივესალმებით ამ ღონისძიებას და არა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ვცდილობთ საჯარო პროპაგანდას და კანონპროექტების ინიცირების მეშვეობით ამ პრინციპის დამკვირდრებას საქართველოში, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი სამართლიანი და ამავე დროს ეფექტიანი მექანიზმი საზოგადოების სტაბილურობისა და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახით ამ პრინციპის შემოღებას აუცილებლად ექნება უარყოფითი ეფექტები – შემცირდება საბიუჯეტო შემოსავლები, რომლებიც უნდა მიემართებოდეს ჯანდაცვას, უმუშევრობის დახმარებას და სხვა სოციალურ მიზნებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გადასახადები გაიზარდოს მაღალ შემოსავლებზე (ხელფასი, მოგება, დივიდენდი და ა.შ), თუნდაც 5 000 ლარის ზემოთ.

კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ბიუჯეტის გარეშე ვერ იარსებებს სოციალური დაცვის ეფექტური სისტემა. ამის მიუხედავად, ეს განხორციელებული ნაბიჯი მისასალმებელია. ეს არის მცირე შემოსავლების ნაკლებად დაბეგვრა უფრო მაღალ შემოსავლიანებთან შედარებით.“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია იმაზეც, როგორ შეიძლება შეიცვალოს მცირეშემოსავლიანი ადამიანების ხელზე ასაღები თანხა:

ა) თუ იგივე დარჩათ დარიცხული შემოსავალი, ხელზე ასაღები თანხა გაეზრდებათ (მაგ. დღეს თუ აქვთ დარიცხული ხელფასი 750 ლარი, ხელზე იღებენ 600 ლარს, ხოლო 150 ლარს გადასახადის სახით იხდიან ბიუჯეტში. ახალი წესით, თუ დარიცხული ხელფასი აქვთ 750 ლარი, ხელზე აიღებენ 750 ლარს).

ბ) თუ შეუმცირდათ დარიცხული შემოსავალი (დამსაქმებელთან შეთანხმებით) იმ თანხის ოდენობით, რა თანხასაც ამ დრომდე იხდიდნენ ბიუჯეტში, ხელზე აიღებენ იმავე თანხას, რასაც იღებენ დღეს – თუ დარიცხული 750 ლარი შეუმცირდათ 600 ლარამდე – ხელზე აიღებენ 600 ლარს.

„რაც შეეხება დამქირავებელს, პირველ შემთხვევაში, სარგებლის თვალსაზრისით, ის ინარჩუნებს სტატუსკვოს (ბიუჯეტს კი აკლდება შემოსავალი).

მეორე შემთხვევაში დამსაქმებელ კომპანიას უმცირდება ხარჯები. ეს შეიძლება, მოხდეს, როგორც არსებული სიტუაციიდან გამომდინარე იძულებით, კომპანიის შემოსავლების შემცირებიდან გამომდინარე (ეს უკვე ბევრ კომპანიაში მოხდა, საერთო მოთხოვნის შემცირების გამო), ასევე კომპანიის მისწრაფებით, შეამციროს ხარჯები მოგების გაზრდის მიზნით. ამ უკანასკნელისკენ კერძო კომპანიები ისედაც მიდრეკილნი არიან და რამდენადაც ეს შეუძლიათ და გამოსდით, აკეთებენ კიდეც ამას.

აქ წამოიჭრება კერძო კომპანიების ეფექტური ფუნქციონირებისა და დამქირავებელ-დაქირავებულის ურთიერთობის ბევრი საკითხი. სუსტი სოციალური დიალოგის პირობებში, ამ საკითხების გადაწყვეტა დასაქმებულების გააქტიურებასთან ერთად საჭიროებს სახელმწიფოს აქტიურ ჩარევას და მხარეების ჩართვას კონსტრუქციულ დიალოგში“, – ამბობენ პარტიაში.