„უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასცემდნენ ყალბ ცნობებს" | სუს-მა 4 ექიმი დააკავა

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 11 თებერვალს, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს კერძო სამედიცინო კლინიკის 4 ექიმი.

უწყების ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ შპს „მე-4 პოლიკლინიკის“ დირექტორი, შპს „მე-4 სამედიცინო ცენტრის“ დირექტორი, ამავე სამედიცინო დაწესებულების ექიმი და შპს „ოჯახის მკურნალის“ ექიმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, საქართველოდან გაძევების გადავადების მიზნით, 250-დან 500 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, ამზადებდნენ და ასაღებდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბ ცნობებს, სადაც დაფიქსირებული იყო არარეალური დიაგნოზი.

გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.