უცხოელი პარტნიორები იოლად ექვემდებარებიან მცდარ აღქმებს - პაპუაშვილი სააკაშვილზე წერილს აქვეყნებს

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე კიდევ ერთ ინგლისურენოვან წერილს აქვეყნებს. პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და მის მიერ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე წერს და დასავლეთს აკრიტიკებს. პაპუაშვილის აზრით, „ზოგიერთი პარტნიორი“ დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლი ხდება და სწორედ ამის გამო აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას.

პაპუაშვილის თქმით, დასავლეთში არ იზიარებდნენ „ქართული ოცნების“ მიერ მიწოდებულ ფაქტებს და ხელმძღვანელობდნენ ხედვით –  „აღქმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები“. შედეგად, როგორც პაპუაშვილი წერს, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილმა წვლილი შეიტანა საქართველოს დამაზიანებელ კამპანიაში და მათ ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე.

„ჩვენს პარტნიორებს ხშირად უკვირთ, თუ რატომ არის ასეთი შესამჩნევი სხვაობა საქართველოს შთამბეჭდავ დემოკრატიულ მიღწევებსა და ქვეყნის შესახებ საზღვარგარეთ არსებულ (ცრუ) აღქმას შორის. ფაქტია, რომ წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული განვითარების კუთხით. თუმცა ოპოზიციის პოლიტიკური რადიკალიზმით ჩამოყალიბებული საგარეო იმიჯი აუფერულებს ქართველი ხალხისა და მთავრობის ბევრ მიღწევას.

როგორ უნდა ავხსნათ ეს სხვაობა აღქმასა და რეალობას შორის? მთავრობის განმარტება, რომ ცრუ აღქმები, ძირითადად, რადიკალების წინასწარ განზრახული და კარგად კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანიის შედეგია, როგორც ჩანს, არ არის დამაჯერებელი ჩვენი დასავლელი სკეპტიკოსებისთვის. დეზინფორმაციის მასშტაბის გამო, ჩვენს ზოგიერთ დასავლელ პარტნიორს უჭირს იმის დაჯერება, რამდენად მწირი რეალობა დევს მასიური ანტისამთავრობო ცილისწამების კამპანიის უკან.

მთავრობის ხელში არსებული ერთადერთი ინსტრუმენტი დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად ავტორიტეტული რეიტინგებისა და გამოკითხვების შედეგებია, რომლებიც საქართველოს პროგრესსა და მთავრობისადმი ხალხის მხარდაჭერას წარმოაჩენს. თუმცა ჩვენი პარტნიორები ხშირად გვეუბნებიან ფრაზას, რომელიც საქართველოს საგარეო ურთიერთობების სამწუხარო მანტრად იქცა: „აღქმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები“.

დღესდღეობით, სააკაშვილის „გამოჯანმრთელებითა“ და „დაბრუნებით“ გვეძლევა უნიკალური შემთხვევა, რომელიც წარმოაჩენს, თუ რამდენად მასიური და კარგად კოორდინირებულია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული მანქანა“, – წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარეს წერილში რამდენიმე მაგალითი მოჰყავს იმის დასამტკიცებლად, რომ ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლება წესისამებრ მოქმედებდა ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებით.

პაპუაშვილი წერს, რომ საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ მისი ჯანმრთელობის შესახებ ცნობები სპეკულაციური იყო, ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან „კომფორტულ პენიტენციურ კლინიკაში გადაიყვანეს“, სადაც კარგ სამედიცინო დახმარებას იღებდა და ხვდებოდა როგორც ოჯახს, ისე „პოლიტიკურ ქვეშევრდომებსაც“.

ამის მიუხედავად, როგორც პაპუაშვილი წერს, სააკაშვილი და მისი ქართველი თუ უცხოელი მხარდამჭერები ადანაშაულებდნენ ხელისუფლებას, რომ ის სიკვდილის პირას იყო. მეტიც, რომ სააკაშვილი მოწამლეს. რასაც დასავლეთის მხრიდან „ხმამაღალი რეაქცია“ მოჰყვა.

„უცხოეთის რეაქცია მოცულობითი და ხმამაღალი იყო: ევროპული დიპლომატები დემარშით მივიდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან; ევროპული პარლამენტის სამმა რეზოლუციამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, შეეწყვიტა სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობა; რუსმა ადამიანის უფლებათა აქტივისტებმა სააკაშვილის შემთხვევა თავიანთ დღის წესრიგში შეიტანეს და მაგნიტსკის აქტის ავტორები მის თავგამოდებულ დამცველებად იქცნენ; უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა თავიანთი სოლიდარობა გამოხატეს; უამრავი სტატია დაიბეჭდა უცხოურ პრესაში, ცნობილმა სატელევიზიო კომპანიებმა და გამოცემებმა კი აღნიშნული „პრობლემა“ გააშუქეს“, – წერს პაპუაშვილი.

პაპუაშვილის განცხადებით, ამ რეაქციას სათანადო მხარდაჭერა არ მოჰყოლია ქართველი ხალხის მხრიდან, მთავრობამ კი არაერთხელ სცადა დაერწმუნებინა უცხოელი პოლიტიკოსები, რომ სააკაშვილის პატიმრობის პირობები მის საჭიროებებს პასუხობდა.  თუმცა, პაპუაშვილის აზრით, მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, არასათანადო მოპყრობის შესახებ აღქმა კვლავ არსებობდა, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ.

პაპუაშვილი აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტსაც (FARA) იშველიებს და აცხადებს, რომ სწორედ მისი წყალობით „გამოვლინდა“, რომ სინამდვილეში უცხოეთში სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებდნენ.

ხოლო სტრასბურგის სასამართლომ „მკაფიო და ხმამაღალი ვერდიქტი“ დასვა სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებაზე მას შემდეგ, რაც არ დააკმაყოფილა სააკაშვილის მოთხოვნა მის საზღვარგარეთ (ან სხვა დაწესებულებაში) სამედიცინო მკურნალობისთვის გადაყვანის თაობაზე.

„ბოლოს კი, სააკაშვილმა თავად დამარხა საკუთარი რეპუტაცია, როდესაც მოულოდნელად აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის მზაობა გამოაცხადა და რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს საქართველოს კანონიერი მთავრობის მოშორებისთვის „ერთიანობისკენ“ მოუწოდა.

რასაკვირველია, ამ საბოლოო ნაბიჯმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ის პოლიტიკოსები, საქართველოს შიგნითა და გარეთ, რომლებიც განგაშის ზარს რეკავდნენ მთავრობის მიერ სააკაშვილის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ან, კიდევ უარესი, ადანაშაულებდნენ მთავრობას სააკაშვილისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებაში.

მაგრამ რა შედეგი მივიღეთ საბოლოოდ? დიდმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ, რომელიც, რაც არ უნდა ირონიული იყოს, მომდინარეობდა არა ჩრდილოეთიდან, როგორც მოსალოდნელია ხოლმე, არამედ – დასავლეთიდან, მსოფლიო დონეზე შელახა საქართველოს რეპუტაცია. ეს დეზინფორმაცია, რომელიც ადგილობრივ და საგარეო აქტორებს შორის ურთიერთობით იქმნებოდა და ვრცელდებოდა, თვეების განმავლობაში არყევდა ჩვენს სახელმწიფოს მაშინ, როდესაც საქართველოს ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა მოსაგვარებელი როგორც გეოპოლიტიკურად, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

უცხოელმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გაიმეორეს და გააზიარეს ეს დეზინფორმაცია, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, წვლილი შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დამაზიანებელ კამპანიაში. ზოგიერთ ამ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით, ევროპარლამენტიდან, ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე.

საერთო ჯამში, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თაღლითობის მასშტაბი და მისი პოლიტიკური შედეგები აჩვენებს ორ რამეს: პირველი, საზღვარი არ აქვს საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ტყუილებს. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები იოლად ექვემდებარებიან მცდარ აღქმებს, რაც ძირს უთხრის ნდობას ჩვენს ურთიერთობებში“, – ნათქვამია პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.