უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება ხარისხის განვითარების ცენტრის ნაცვლად სკოლის კომპეტენცია იქნება

პუბლიკა

უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია აღარ იქნება. აღნიშნული ფუნქცია სრულად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცემა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პარლამენტს განსახილველად „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვით, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, სკოლების ვალდებულებად განისაზღვრება.

მოქმედი კანონით, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, რომლის უფლებამოსილებაში მათ შორის უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება შედის, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში ჩამოსული მოსწავლეებისთვის ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების გაგრძელების წინაპირობას.

როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, შედეგად, საქართველოს კანონმდებლობა აღნიშნული ნაწილში დაუახლოვდება საერთაშორისო პრაქტიკას:

„პროცედურის გამარტივებით, გაუმჯობესდება ბავშვთა წვდომა ზოგად განათლებაზე. ამასთან, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების პროცესი გახდება ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტური. განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს როგორც ცენტრის, ისე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეების/მათი კანონიერი წარმომადგენლების დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვას და უზრუნველყოფს ერთი ადმინისტრაციული ორგანოს ფარგლებში კანონით გათვალისწინებული შედეგის მიღწევას.“

განმარტებით ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, უცხოეთში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების სერვისის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადატანის შემდგომ, სერვისის მომსახურებისთვის აღარ იქნება გათვალისწინებული საფასურის გადახდა.