„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით იწყებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და მასთან ერთად გრანტების შესახებ კანონში, კორუფციის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხილვას. ამის შესახებ „ოცნების„ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.
„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების მიხედვით, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესს დაარეგულირებს.
ამ წესის მიხედვით, საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის, უცხო ქვეყნის მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის, ასევე უცხოეთის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ გრანტის მიმღებისთვის გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას.
მოქმედი კანონის მიხედვით, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს სახელმწიფო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (ორგანიზაციის) სახით;
ბ) საქართველოს მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სახით;
გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან მუნიციპალიტეტი;
დ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება;
ე) საჯარო სამარ თლის იურიდიული პირი;
ვ) საქართველოს მოქალაქე;
ვ1) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი;
ვ2) უცხო ქვეყნის მოქალაქე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების მიზნებისთვის;
ვ3) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის რეგისტრირებული და რომელსაც მინიჭებული აქვს პირადი ნომერი;
ზ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
თ) საერთაშორისო ორგანიზაცია, სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
ი) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირი;
ი1) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის შემთხვევაში;
ი2) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში;
ლ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენი.
თანხმობისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება მის მოქმედებას არ გააჩერებს. აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია.
თანხმობის მისაღებად გრანტის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს/ორგანოს უნდა წარუდგინოს ხელშეკრულების პროექტი.
კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს – კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.
აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.
ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილი იქნება, გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, გამოკითხოს ფიზიკური პირი ბიუროში ან მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხცა პერსონალური მონაცემის და საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შესახებ, სახელმწიფო ორგანოები ამის თაობაზე ინფორმაციას აწვდიან ანტიკორუფციულ ბიუროს
ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ანტიკორუფციული ბიურო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.
აკრძალული გრანტის მიღებასთან დაკავშირებით პირის გამოკითხვა
პროექტის მიხედვით, ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ აკრძალული გრანტის მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, შეიძლება ნებაყოფლობით გამოჰკითხოს ანტიკორუფციულმა ბიურომ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.
პასუხისმგებლობა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შესაძლებელია დააბრკოლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად წარედგინება სასამართლოს.
პასუხისმგებლობა სამართალდამრღვევს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში.
აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.
თანხმობის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ და მიღებულ გრანტებზე.
დაჩქარებული წესით განხილვის შედეგად კანონპროექტი, მაქსიმუმ, 18 აპრილს უკვე მიღებული იქნება. კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.