უცნაურია, რომ ყოფილი წევრების ნარატივი ემთხვევა „ოცნების“ ზოგი ლიდერის სიტყვებს, რომელიც დეზინფორმაციაა - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი „ოცნებიდან“ გასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, წერილი სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით. ელჩი აცხადებს, რომ მისთვის უცნაურია, როცა „ოცნების“ ყოფილი წევრების და მოქმედი ლიდერების დეზინფორმაციული ნარატივი ერთმანეთს ემთხვევა. ის სვამს შეკითხვას, თუ რა არის ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მოტივი.

„წერილი სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით, ბოლომდე ვერც წავიკითხე. მას ნამდვილად არ ესმის, რომ აშშ მუშაობს და მხარს უჭერს არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქართველ ხალხს, ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც კონსტიტუციის თანახმადაა შექმნილი, მაგალითად, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი, და აქვთ კონსტიტუციური მანდატი, დაიცვან მოქალაქეების უფლებები.

ნებისმიერი დემოკრატიისთვის საშიშია, როცა ამგვარად ხდება დამოუკიდებელი ინსტიტუტების ძირის გამოთხრა. კიდევ გავიმეორებ საკითხზე, რომელზეც მრავალჯერ ითქვა, რომ არის ტყუილი: შეერთებულ შტატებსა და ევროპას არ სურთ, საქართველო ომში იყოს ჩართული. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ომი არ გაფართოვდეს და დასრულდეს.

შტატები ყველაფერს აკეთებს მშვიდობისთვის და ვფიქრობ, თქვენმა პრემიერმა NATO-ს სამიტზე კარგად დაინახა ის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია პუტინის მიერ გაჩაღებული სასტიკი და აგრესიული ომის სწრაფად დასრულებისკენ.

ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების ნარატივი რატომღაც ძალიან ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს, რომლებიც იმეორებენ დეზინფორმაციას.

ჩემი შეკითხვა იქნება, რა არის მათი მოტივი, როცა იმეორებენ ტყუილსა და ცრუ ინფორმაციას?“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.