თბილისის მერობის კანდიდატმა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, მეორე ტურში ასეთი აქტივობა აჩვენებს, რომ მოსახლეობას სურს ცვლილებები.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა და ამის საფუძველს იძლევა უკვე წინასწარი მონაცემები, რომლებიც არსებობს. გამოცხადება საარჩევნო უბნებზე ათი საათისთვის არის გაცილებით მაღალი, ვიდრე პირველ ტურში.
სასიხარულოა, რომ არის უდიდესი ისტორიული შანსი, ჩვენ ხვალ მივიღოთ სულ სხვა თბილისი, თითოეულმა ჩვენგანმა შევცვალოთ ქვეყანა და თბილისი უკეთესობისკენ. მე ხმა მივეცი ძალიან მნიშვნელოვან გეგმებს, რომელიც აქვს კოალიციურ მთავრობას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 თვითმმართველ თემსა და 24 მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.