უძილაურის ადვოკატი: „არ ცნობს თავს დამნაშავედ, საქმეს აქვს გრიფი სრულიად საიდუმლო“

პუბლიკა

გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი აცხადებს, რომ საქმეს გრიფი ადევს, უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.

„არ ცნობს თავს დამნაშავედ, საქმეს აქვს გრიფი სრულიად საიდუმლო. ის იყენებს დუმილის უფლებას, არაფერი ინფორმაცია არ მიუწოდებია გამოძიებისთვის. საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით“, – უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა.

პროკურატურამ „ქართუ“ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი უძილაურს ბრალი წარუდგინა.

უწყების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ უძილაური „მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას“.

უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გიორგი უძილაური, რომელიც ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, 5 მაისს დააკავეს.

სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელევიზია „რუსთავი 2-მა“ თქვა, რომ „უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა“.

გიორგი უძილაური 2016-2017 წლებში ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა. კერძოდ, 2016 წლის მარტიდან ის იყო „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

სუსის განცხადებით, დაკავებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით სისტემურად აგროვებდა და გადასცემდა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე, უსაფრთხოების სტრუქტურებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

სუსის ცნობით, იგი ამ საქმიანობაში იყენებდა როგორც საკუთარ სამსახურებრივ პოზიციას, ისე წარსულ კავშირებს, ხოლო უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან კონსპირაციულ კომუნიკაციას დაშიფრული არხებით ამყარებდა და ინფორმაციას აწვდიდა პირისპირ ან ელექტრონულად.

ასევე, გამოძიება მიუთითებს, რომ ბრალდებული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზე, რომელთა მიზანიც მედიასფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და მათი მეშვეობით რეგიონის ქვეყნებზე სადაზვერვო მონაცემების შეგროვება იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით მიმდინარეობს და 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.