„უფასო სასკოლო კვება ჩვენზე მდიდარ ქვეყნებშიც არ არსებობს, არის შესაბამისი სუბსიდირებები" - ამილახვარი

პუბლიკა

განათლების მინისტრობის კანდიდატი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ უფასო სასკოლო კვება „მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს, არც 100-ჯერ ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში, ყველგან არის შესაბამისი სუბსიდირებები“.

ამის შესახებ მან გუშინ განაცხადა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, რომელზეც მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. ამილახვარს შეკითხვა უფასო სასკოლო კვებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ დაუსვა.

ამილახვრის თქმით, სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა და მიმდინარეობს სკოლების აღწერა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ვერსია აქვთ, თუ როგორ უნდა დაიწყოს სკოლებში სასკოლო კვება, თუმცა არსებობს ლოჯისტიკური პრობლემები, გარკვეულ სკოლებში კი ფინანსური მოდელებია შესამუშავებელი.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, სულ რომ 100 მილიონი სჭირდებოდეს ამ პროცესს, ამის თანხა ბიუჯეტში მოიძებნება. უბრალოდ, აქ არ არის საკითხი თანხაში. გეტყვით რა გავაკეთეთ: პირველი, სადაც არის ბუფეტები სკოლებში, ახლა არსებული, ავიღეთ და საერთაშორისო სტანდარტებს მოვარგეთ. რაც გულისხმობს, სურსათის უვნებლობას, ჰიგიენურ სტანდარტებს და ა.შ. ეს მცირედი მშობელთა ასოციაციის ჩართულობით გავაკეთეთ.

მეორე, სპეციალური პროგრამა შეიქმნა თავისი კონკრეტული ბიუჯეტით და თითოეულ სკოლაზე, 2084 სკოლა გვაქვს და გვექნება აღწერა, რომლის შესახებაც ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას. კახეთის რეგიონი დავასრულეთ და ანალიზი მიმდინარეობს.

რამდენიმე ვერსია არის, როგორ შეიძლება დავიწყოთ ეს პროცესი, რომ დავაკლასტეროთ სკოლები და ვთქვათ, რომელ სკოლაშია უფრო რეალური […]. რამდენიმე თვეში, სურვილი მაქვს, რომ ამ წლის სექტემბრამდე მოხდეს და სექტემბერში მაინც რამდენიმე სკოლაში საპილოტე დავიწყოთ, მაგრამ კონკრეტულ ვადებს ვერ ვასახელებ […]. ერთი მხრივ, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები და უნდა დაველოდოთ. ყველა პროექტში გათვალისწინებულია როგორც ბუფეტის, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურა.

გვაქვს კარგი სკოლებიც, სადაც არის ბუფეტი და აქ ფინანსური მოდელებია შესამუშავებელი. სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებში არის სკოლები, სადაც ლოჯისტიკური პრობლემები გვაქვს და, შესაძლოა, კერძო კომპანიამაც ვერ დააკმაყოფილოს მოთხოვნები. რაც შეგვეძლო, არსებული ბუფეტები მოწესრიგებულია, პროგრამა გაკეთებულია, მიმდინარეობს ანალიზი და უახლოეს პერიოდში დავდებთ რეალურ კონცეფციას, როდის იქნება შესაძლებელი პასუხისმგებლიანად დავიწყოთ ეს პროექტი.

აქვე, არასწორად გატანილი პროექტია, უფასო სასკოლო კვება, მეგობრებო, არ არსებობს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. არც 100-ჯერ ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში, ყველგან არის შესაბამისი სუბსიდირებები, რა თქმა უნდა, სოციალურად დაუცველებს სჭირდებათ ეს მხარდაჭერა და ექნებათ კიდეც.

იცით, რომ დღეს 50 ლარი იყო წინა ხელისუფლების დროს და დღეს 200-ლარიანი მხარდაჭერა აქვთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, მაგრამ როდესაც ჩვენც გვაკრიტიკებთ რაღაც ნაბიჯებზე, მგონი ეს არ არის ისეთი საკითხი, სადაც პოლიტიკაა შემოსატანი“, – განაცხადა ამილახვარმა.


გიორგი ამილახვარმა 2023 წლის 19 მაისს განაცხადა, რომ სამინისტრო „ინტენსიურად“ მუშაობს და არსებობს „პოლიტიკური ნებაც“, რომ დაინერგოს სკოლებში უფასო სასკოლო კვება, მაგრამ, მისივე თქმით, პროგრამის დანერგვას ინფრასტრუქტურის, სურსათის უვნებლობის საკითხისა და ბიზნესოპერატორების ქსელის განვითარების გარეშე ვერ დაიწყებენ.

მოძრაობა „ხმა“ ორ წელზე მეტია, უფასო სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას მოითხოვს, თუმცა სამინისტროს ამ არგუმენტის საპასუხოდ ამბობენ, რომ მთავრობა ისევ სხვადასხვა საბაბს იმიზეზებს, რომ საყოველთაო უფასო კვების დაწყება გადადოს, ამ მიზეზებს შორისაა სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა.

მოძრაობის თქმით, მოსაზრება, რომ უფასო სასკოლო კვება ინფრასტრუქტურის განახლებამდე არ უნდა დაიწყოს, სასკოლო კვების არდაწყების საბაბია. მათი თქმით, შესაძლებელია საქართველოს სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვა მოდელით დაიწყოს მოსწავლეების გამოკვება.

  • სკოლებში, სადაც არსებობს ფუნქციური ბუფეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საკვები უნდა დამზადდეს  ადგილზე;
  • სკოლებში, სადაც არ არის ფუნქციური ბუფეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, უნდა მივიდეს გამზადებული საკვები ე.წ. სადილის ყუთის სახით.

როგორ არის შესაძლებელი უფასო სასკოლო კვების 2024 წელს დაწყება, ვის უნდა შეეხოს და როგორ უნდა იქნას გამოყენებული უფასო სასკოლო კვება არა მხოლოდ მოსწავლეების შიმშილისგან დაცვისთვის, არამედ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისთვის – ამ საკითხებთან დაკავშირებით მოძრაობა „ხმამ“ წარმოადგინა ხედვა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.