უფასო სასკოლო კვება, სტუდსაცხოვრებლები, საპენსიო სესხების განულება - ენმ პარლამენტში პროგრამის წარდგენას აპირებს

პუბლიკა

უფასო სასკოლო კვება, სტუდსაცხოვრებლები, საპენსიო სესხების განულება – ამ საკითხებთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში კონკრეტული პროგრამების წარდგენას აპირებს, – ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, გეგმას და ეკონომიკურ დასაბუთებას, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ 600 000 ბავშვისთვის უფასო სასკოლო კვება, ასევე სტუდენტებისთვის საცხოვრებლების მშენებლობა და საპენსიო სესხების განულება, პარლამენტსა და მთავრობას წარუდგენენ.

„გაგაცნობთ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. პირველი ეს არის ბავშვთა კვების სასკოლო პროგრამა, სადაც ჩვენ 600 000-მდე ბავშვს შევთავაზებთ და ამის ეკონომიკურ დასაბუთებას წარვუდგენთ პარლამენტს და მთავრობას, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ 600 000 ბავშვისთვის უფასო სასკოლო კვება.

ასევე, 20 000 სტუდენტისთვის საერთო საცხოვრებლების მშენებლობა სახელმწიფოს ხარჯზე, რათა მივცეთ შვება და საშუალება სტუდენტებს, რომ აი იმ მძიმე საბაზრო ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, რომელიც ასევე გამოწვეული არის რუსეთიდან უკანონო მიგრაციის გამო, ჰქონდეთ მათ საშუალება სახელმწიფოს მიერ აშენებულ სტუდენტურ საცხოვრებლებში შეღავათიანი ფასებით იცხოვრონ. ამის პროგრამას უახლოესი დღეების განმავლობაში წარვადგენთ.

ასევე, საპენსიო სესხების განულების პროგრამა. დაახლოებით 400 000-მდე პენსიონერს აქვს აღებული სესხი და სახელმწიფოს ხარჯზე უნდა დასაბუთდეს და ამას დავასაბუთებთ, თუ რის ხარჯზე, რომელი რესურსების ხარჯზე უნდა მოხდეს ამ სესხების განულება და ბუნებრივია დაწევა საპენსიო ასაკის“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.