პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვის სამსახური აღარ მოემსახურება.
აღნიშნულ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს, მას იურიდიულ კომიტეტზე პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირეს. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა ნიშნავს, რომ მას, სავარაუდოდ, მიმდინარე სასესიო კვირაში მიიღებენ.
არსებული კანონის მიხედვით, პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ პერსონალური დაცვა უნარჩუნდება 1 წლის ვადით, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი.
კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, როცა საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის დარღვევას ადგენს, პირის უფლებამოსილების შეწყვეტას [იმპიჩმენტს] განიხილავს პარლამენტი და კენჭს უყრის მაღალი კვორუმით.
მათი პოზიციით, შესაძლოა, კვორუმის არარსებობის გამო საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას არ მოჰყვეს იმპიჩმენტი, თუმცა დადგენილი იქნება კონსტიტუციის დარღვევა, ამ შემთხვევაში კი პრეზიდენტს, პრემიერს ან პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ 1 წლის განმავლობაში დაცვა აღარ უნდა იცავდეს.
„კვორუმის არ არსებობის პირობებში მივიღებთ მოცემულობას, როდესაც ერთი მხრივ შესაბამისმა თანამდებობის პირმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეს დადასტურდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით და მეორე მხრივ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იქნა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ იქნა კვორუმი მიღწეული, კონსტიტუციის დამრღვევს უფლებამოსილება ვერ შეუწყდება.
შესაბამისად, მას უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ შეუნარჩუნდება პერსონალური დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნება კონსტიტუციის დამრღვევად.
აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, იმისათვის, რომ პერსონალური დაცვის რესურსი გამოყენებული იქნეს ეფექტურად, ამასთანავე, იმისათვის, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდეს ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ თანამდებობის პირს შეუნარჩუნოს განსაკუთრებული უფლება ისარგებლოს სახელმწიფო დაცვით, საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, რითაც „ქართული ოცნების“ სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა პარლამენტმა მისი იმპიჩმენტი ვერ შეძლო არასაკმარისი ხმების გამო.
იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ პარლამენტი „ქართული ოცნების“ წევრების ინიციირებულ კანონპროექტს მიიღებს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება.
პრეზიდენტის ახალი არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ 14 დეკემბერს დანიშნა, ინაუგურაცია კი – 29 დეკემბერს. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება 29 დეკემბერს ამოეწურება.
თავად პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი და მთავრობა არალეგიტიმურია და სანამ ლეგიტიმური არჩევნები არ ჩატარდება, მისი მანდატი ძალაში დარჩება.
25 ნოემბერს პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტის შენობაში შეიკრიბა და გარეთ საპროტესტო აქციის ფონზე მე-11 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პროცედურა ჩაატარა.
როგორც კონსტიტუციონალისტები და იურისტები ამბობენ, არჩევნების შედეგების, შესაბამისად, 150-ვე დეპუტატის არჩევის კანონიერების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების პერიოდში დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონო და არაკონსტიტუციურია.
მათი შეფასებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილებაცნობილი პარლამენტის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას და პრეზიდენტის არჩევას, ლეგიტიმაცია ვერ ექნება.