„უფლებები საქართველო": 12 წლის ანას საქმეზე სამხარაულის ექსპერტს ბრალი დაუმძიმდა

პუბლიკა

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიებისას მტკიცებულებების დაზიანების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროკურატურამ სამხარაულის ბიუროს ექსპერტს ბრალი დაუმძიმა. ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპერტს ბრალი ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლაში, რაც, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში და, შედეგად, ნივთმტკიცების დაზიანებაში გამოიხატა. ცნობილია, რომ ექსპერტს აქამდე ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.

ორგანიზაციის თქმით, 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

„საკვანძო მტკიცებულების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის ივლისში აცნობა. ამბის გასაჯაროების შემდეგ, პროკურატურამ 2023 წლის ოქტომბერში ექსპერტს თავდაპირველად ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარუდგინა (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), რაც, სასამართლოს საშუალებას მისცემდა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ექსპერტი მინიმალური სასჯელით – ჯარიმის დაკისრებით – გაეთავისუფლებინა.

ოჯახისა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების არაერთი მიმართვის შემდეგ, 2024 წლის 9 იანვარს, პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით, მხოლოდ ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ექსპერტს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული აქვს გირაო 2500 ლარის ოდენობის. გარდა ამისა, იგი, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, გადაყენებულ იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის თანამდებობიდან.

12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგაც, მომხდარის გარემოებები ბუნდოვანია, ხოლო ნივთმტკიცებები, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება, დაზიანებულია. ამ პირობებში, ოჯახი და „უფლებები საქართველოს“ იურისტები განაგრძობენ ბრძოლას იმისათვის, რომ ანის გარდაცვალების საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს, რისთვისაც საქმეში ევროპული ან ამერიკული საგამოძიებო უწყებების და ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


12 წლის ანა იანუშაიტიტე 2023 წლის 17 მარტს, დიდ დიღომში, სახლთან ახლოს, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო დასკვნის თანახმად, ბავშვის სხეულზე აღმოჩენილია 40-მდე სხვადასხვა სახის დაზიანება, რომლებიც მოზარდს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული და ემთხვევა მისი გარდაცვალების დროს. რაც შეეხება გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს, დასკვნის თანახმად, გარდაცვალების ფაქტის დადგომა დაკავშირებულია ასფიქსიასთან.

12 წლის გოგოს დედა მიიჩნევს, რომ ბავშვი მოკლულია.

შსს-მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.