„უფლებები საქართველო“: საქმეში მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება

პუბლიკა

ორგანიზაცია „უფლებები საქართველო” დიდ დიღომში, 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე აცხადებს, რომ მტკიცებულებების დაზიანებების ფაქტზე ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ 12 წლის გოგოს საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლითაც შეიძლებოდა დადგენილიყო გოგოს სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები, იყო დაზიანებული, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესი დაირღვა და გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა.

„საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, „უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.

შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებს აღენიშნებათ მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევები და ნადებები. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 16 აგვისტოს „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა დამატებით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვეს გამოძიების დაწყება მტკიცებულებების დაზიანების სხვა ფაქტებზე, რომლებიც, მათ შორის, 12 წლის ანის გვამის აღმოჩენის ადგილისათვის, 2023 წლის 5 აპრილს, პირვანდელი სახის შეცვლასა (ხეების გაჩეხვა-ს) და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებების დაზიანებას უკავშირდება.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ დღის წესრიგში დგას საგამოძიებო უწყების მიერ რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა, რამაც არსებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ანის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების მიმდინარეობაზე”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

12 წლის ანა იანუშაიტიტე დიდ დიღომში გარდაცვლილი 17 მარტს იპოვეს. სახლთან ახლოს, პეტრიწის ქუჩაზე.  მოზარდის გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო დასკვნის თანახმად, ბავშვის სხეულზე აღმოჩენილია 40-მდე სხვადასხვა სახის დაზიანება, რომლებიც მოზარდს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული და ემთხვევა მისი გარდაცვალების დროს. რაც შეეხება გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს, დასკვნის თანახმად, გარდაცვალების ფაქტის დადგომა დაკავშირებულია ასფიქსიასთან.

12 წლის გოგოს დედა მიიჩნევს, რომ ბავშვი არის მოკლული. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალებისა და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.