უფლებისთვის, ვიღაცამ პრაიდზე გაიაროს, მე არ ვიბრძოლებ, სხვა პრიორიტეტები მაქვს - ხვიჩია

პუბლიკა

პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ომბუდსმენობის კანდიდატს, დეპუტატ იაგო ხვიჩიას უსმენენ.

სხდომას ესწრებიან ომბუდსმენობის სხვა კანდიდატებიც. მათ აქვთ საშუალება, კითხვა დაუსვან იაგო ხვიჩიას. ომბუდსმენობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მას ჰკითხა, სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში „სექსუალურ უმცირესობებს მიეცემა თუ არა შესაძლებლობა, ე.წ. პრაიდი გამართონ“.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მის ინტერესს უფრო სხვა უფლებების რეალიზების საკითხი წარმოადგენს, ვიდრე პრაიდის გამართვის უფლებაა.

„ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, სადაც უნდა იქ გაიაროს, შეიკრიბოს მშვიდობიანად და უიარაღოდ, მაგრამ არსებობს რაღაც ტიპის უფლებები, რომელთა რეალიზებისთვის მე ვიბრძოლებ და არ ვიბრძოლებ. მაგალითად, იმ უფლების რეალიზებისთვის, რომ ვიღაცამ პრაიდზე გაიაროს, მე არ ვიბრძოლებ, იქიდან გამომდინარე, რომ მე სხვა პრიორიტეტები მაქვს და მგონია, რომ თუნდაც სექსუალური უმცირესობის თემის წარმომადგენელი, რომელიც ციხეში ზის, ის უფრო საჭიროებს უფლებების დაცვას, ვიდრე ადამიანი, რომელიც ახლა არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სად ჩაატაროს პრაიდი. მე ხელს არავის შევუშალო, უბრალოდ, პირადად ჩემი ინტერესები ეს არ არის. ჩემი ინტერესები სულ სხვა უფლებების დაცვაა და არა რაღაც გადაადგილება კონკრეტულ ღონისძიებაზე“, – თქვა იაგო ხვიჩიამ.


საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე სახალხო დამცველობის კანდიდატებთან მოსმენა დღეს სრულდება. პარლამენტმა უკვე მოუსმინა 16 კანდიდატს. ახლა უსმენენ დეპუტატ იაგო ხვიჩიას.  დღეს უნდა მოესმინა პარლამენტს ნაზი ჯანეზაშვილისთვისაც, თუმცა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ აპირებს გასაუბრებაზე მისვლას.