განახლება: გიგი უგულავა 5000 ლარით დაჯარიმდა. მასალის სათაური შეიცვალა.
დღეს საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით 17 იანვარს პარლამენტთან აქციაზე სატრანსპორტო ზოლის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, რაც 5 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
პროცესზე გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ჯარიმას არ გადაიხდის. მან თავის გამოსვლაში მოსამართლე ზვიად ცეკვავას მიმართა, რომ ის „ფინანსურ ტერორს ახორციელებს“.
„ის, რაშიც ახლა ჩვენ ვმონაწილეობთ, სამწუხაროდ, არის ფარსი, 3-4 დღის წინ მე აქ ვიჯექი დამსწრედ, 17 იანვარი არის დღე, რომელსაც დღეს ამ წუთას გვედავებიან. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ამ დარბაზებში ეს დღეები ჩალაგებულია კონვეიერივით – იქით გახვალ და არის 16 იანვარი, იქით გადახვალ და 18 იანვარი, იქით 21 იანვარი. შერჩეულია სრულიად უსინდისოდ 600 ადამიანი, ამოღებულია ამ ბაზებიდან – ვიღაც სადისტი ზის კამერასთან და აზუმებს, მე ვნახე წინა მასალები და იგივე მასალები იქნება წარმოდგენილი. ეს კამერები რომ კიდია ბოძებზე, ასე მოვა, დაგაზუმებს, გეგონება რაღაც ფენტეზის ჟანრის ფილმია, მერე იქიდან ირჩევა ადამიანი – არჩეულია, გასაგებია ლოგიკაც – ამ 15 დღის განმავლობაში ამოღებული არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე აქტიურად დადიან ყოველდღიურად და აპროტესტებენ იმ უსინდისო უკანონობას და რუსიფიკაციას, რომელსაც „ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს.
შემდეგ, ეს რეპრესიული მანქანა ჩართულია და ამ მანქანის მთავარი რგოლი არის სასამართლო. რომ არა სასამართლო, ის ნიღაბჩამოაფრებული ადამიანები ვერ გაბედავდნენ იმ თავპირი მტვრევას, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, რომ ნებისმიერი რამ აქ მოვა და აქ გამართლდება. თქვენი ხელით, ბატონო მოსამართლევ, მიმდინარეობს ფინანსური ტერორი ადამიანების და სხვა არაფერი არ არის თუ არა ფინანსური ტერორი, როცა 5000-ლარიან ჯარიმას გამოუწერთ ადამიანებს. ეს ოპერაცია ივანიშვილს, რომელიც 5 მილიონს თითო სოფელს ჰპირდებოდა, 3 მილიონი ლარი მარტო ადამიანების ჯიბიდან, ვინც აპროტესტებს და თავისუფლებს ითხოვს, თქვენი ხელით და თქვენი კოლეგების ხელით იქნება ამოღებული ამ ადამიანების ჯიბიდან. ეს არის ჩვეულებრივი ფინანსური ტერორი, იმის მსგავსი, რაც ქუჩაში მიდის.
ქუჩაში მიდის ფიზიკური ტერორი, თქვენი ხელით ხორციელდება ფინანსური ტერორი. ამიტომ, ჩემი პასუხი, როგორც ერთი მოქალაქის ამ ფინანსურს ტერორზე არის; მე არ ვაპირებ არაფრის გადახდას, წინასწარ ვიცით თქვენი გადაწყვეტილება, ბევრ დროს ნუ დავხარჯავთ ამ წარმოდგენაზე, რომელსაც საცირკო წარმოდგენასაც ვერ ვუწოდებ, ამიტომ წინასწარ შეგიძლიათ ეს განცხადება მიიღოთ ცნობად: მე არ ვაპირებ უკანონო, უსინდისო ჯარიმის შესრულებას, ეს არის ჩემი პოლიტიკური პოზიცია” – თქვა გიგი უგულავამ.
სხდომაზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ, რაც არ დაკმაყოფილდა. აბესაძემ აქვე აღნიშნა, რომ აცილების დაყენებასთან დაკავშირებით „განსაკუთრებულ აზრს” ვერ ხედავს, რადგან სისტემაში „ყველა ერთნაირია”.
„იმას, რაც აქ გინდათ, რომ მართლმსაჯულებად შემოგვასაღოთ, ევროკავშირის, ევროსტანდარტით რეპრესია ჰქვია. ამავდროულად, თქვენ ბრძანდებით გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლე, რაც ნიშნავს, რომ თქვენ გარკვეულწილად გაკვირდებიან და გაკონტროლებენ ის ადამიანები, საიდანაც მოდის ამ რეპრესიული მართლმსაჯულების განხორციელების იდეაც და სადაც იგეგმება ეს ყველაფერი, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ თქვენ გარკვეულწილად შებოჭილი უნდა ბრძანდებოდეთ ამგვარი საკითხების განხილვის. გარდა იმისა, რომ ალბათ პირადი, მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებაც გაქვთ აქციის მონაწილეების მიმართ, რის გამოც თქვენ სანქცირებული ბრძანდებით თქვენი კარიერის დასაწყისშივე.
მეორე მხრივ, მე არ მივიჩნევ, რომ ვინმე ამ სასამართლო სისტემაში თქვენზე კეთილსინდისიერია; მე არ მივიჩნევ, რომ ამ სასამართლო სისტემაში ვინმე თქვენზე ობიექტური; მე ვფიქრობ, რომ თქვენ ერთნაირად კეთილსინდისიერები, ერთნაირად ობიექტურები, ზოგადად, ერთნაირები ბრძანდებით ამ სისტემაში. ამიტომ, განსაკუთრებულ აზრს, რომ თქვენი აცილების შუამდგომლობა დავაყენო ამ თვალსაზრისით, ნამდვილად, არ ვხედავ, თუმცა როგორც იურისტი მივიჩნევ, რომ თქვენ კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ და იმსჯელოთ, რამდენად შეგიძლიათ მსგავსი შინაარსის საკითხებზე ბრძანდებოდეთ მიუკერძოებელი, სამართლიანი და იხელმძღვანელოთ მხოლოდ კანონით და კონსტიტუციით”, – თქვა აბესაძემ.
გიგი უგულავამ პროცესზე დასვა კითხვა, რატომ მიიჩნევა ადამიანი სამართალდამრღვევად მაშინ, როცა მას უშალოდ გადაკეტვის პროცესთან არ ჰქონია შეხება და გაიარა უკვე გადაკეტილ გზაზე. მან ამას „ფანტასმაგორიული ინტერპრეტაცია” უწოდა.
„ჩემი შეკითხვა იყო: როცა გადაკეტილია, იმ 600 ადამიანში, რომელიც თქვენ გყავთ იდენტიფიცირებული, დაახლოებით, 2/3-ზე მეტი, დარწმუნებული ვარ, გადაკეტვაშიც არ მონაწილეობდა – არც მე არ ვმონაწილეობდი, რამდენადაც მახსოვს, რაიმე გრანდიოზული შეგრძნება არ მქონია, რომ მე რამეს ვკეტავდი – თქვენ ასამართლებთ ადამიანებს, რომლებსაც ეს ფორმალურად, გადაკეტვის პროცესი, რომელიც 2-3 წუთი გრძელდება ხოლმე, როგორც წესით, შეიძლება, 5 წუთი გრძელდება, იმასთან შეხება არ აქვთ. ვსაუბრობ იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც იქ მივიდნენ, დადგნენ და წავიდნენ, დახვდათ გადაკეტილი – თქვენ ასამართლებთ ადამიანებს, რომლებსაც გადაკეტვასთან შეხებაც არ ჰქონიათ.
თუ კარგად ჩაეძიებით, იმ ადამიანების უდიდეს უმრავლესობას საერთოდ შეხება არ ჰქონიათ გადაკეტვის პროცესთან. ინტერპრეტაცია, რომელსაც თქვენ აკანონებთ და რომელსაც შსს-ს უჭერს მხარს, კანონი ისედაც დრაკონულია და საერთოდ ფანტასმაგორიული ინტერპრეტაციაა, რომ ადამიანი, რომელსაც გადაკეტვასთან შეხება არ აქვს და გადაკეტილი დახვდა გზა და ამ გადაკეტილ გზაზე გაიარა, თქვენი ლოგიკით ის არის სამართალდამრღვევი. ეს არის აქ პრობლემა.
იმდენად დაბალი სტანდარტია, იმდენად ეზარება შსს-ის, რომ გაარკვიოს და იმდენად უნდა დააჯარიმოს ადამიანები, იმიტომ, რომ ამ ჯარიმას აქვს ცალკე ფსიქოლოგიური და ფინანსური ტერორის შინაარსი. თქვენ ერთ ქვაბში ყრით – იმაზე, რაზეც ვსაუბრობთ, არც ბელარუსში, არც რუსეთში.. ინტერპრეტაცია, რომ ადამიანს დახვდა პოლიციის მიერ გადაკეტილი სივრცე, მაინც აჯარიმებთ, მიუხედავად იმისა, თეორიულად ჰქონდა თუ არა შეხება გადაკეტვის მომენტთან”.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სხდომა 12 თებერვალს, 13:00 საათისთვის გადადო.
უგულავას ედავებიან „თბილისი მოლთან” გზის გადაკეტვასაც – ის 4 თებერვალს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით დააკავეს, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. 5 თებერვალს სასამართლომ უგულავას და კიდევ 7 პირს გირაო შეუფარდა.