სტრასბურგის სასამართლომ დღეს საქმეზე „უგულავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საუბარია 2014-2015 წლებში გიორგი უგულავას დაკავებაზე.
მომჩივანი დავობდა 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის სექტემბრამდე სისხლის სამართლის ორი საქმის ფარგლებში მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობა) კანონიერების თაობაზე. იგი აგრეთვე ამტკიცებდა, რომ პატიმრობის შეფარდების ერთადერთ მიზანს პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი ჩამოშორება წარმოადგენდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.
სასამართლომ კონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მესამე მუხლების დარღვევა დაადგინა, რაც თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას გულისხმობს.
მთლიანობაში, სასამართლომ 5 ეპიზოდიდან დარღვევა დაადგინა 2-ში, 3-ში კი ვერა. კერძოდ:
- სასამართლოს დასკვნით, დარღვევა არ დადგინდა მე-5 მუხლის პირველ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა უგულავას წინასწარ პატიმრობას 2014 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 2 აპრილამდე პერიოდში;
- სასამართლომ დარღვევა დაადგინა მე-5 მუხლის პირველ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა წინასწარ პატიმრობას 2015 წლის 2 აპრილიდან 17 სექტემბრამდე, რადგან ეს იყო პერიოდი, როცა წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა უკვე გასული იყო;
- დარღვევა ვერ დადგინდა მე-5 მუხლის 1 ნაწილში, რომელიც შეეხებოდა დავას წინასწარი პატიმრობის განსაზღვრული ვადის შესახებ 2014 წლის 4 ივლისიდან 2015 წლის 15 მარტამდე პერიოდში.
- დარღვევა დადგინდა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რადგან სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით, 2015 წლის 18 თებერვლის შემდეგ სასამართლომ ჯეროვნად ვერ დაასაბუთა მისი წინასწარ პატიმრობაში ყოფნის გაგრძელების აუცილებლობა.
- სასამართლომ ვერ დაადგინა დარღვევა, რომ უგულავას პატიმრობის მიზანს მისი პოლიტიკური აქტიურობა წარმოადგენდა. მე-5 მუხლთან კავშირში სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადებით, მათ შეისწავლეს იმ დროინდელი პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც დამოუკიდებლად არ არის საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ უგულავას დაკავება ემსახურებოდა მისი პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას. ასევე, მართალია, სხვადასხვა ფაქტორის კომბინაცია შეიძლება აღძრავდეს ეჭვს, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში გადაყვანა შეიძლება პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდეს, საქმის შესწავლისას სასამართლო მომჩივანმა მხარემ ვერ დაარწმუნა, რომ მისი დაკავების ძირითადი მიზანი სწორედ პოლიტიკური იყო.
თუმცა სასამართლომ გაიზიარა მომჩივანი მხარის პოზიცია წინასწარი პატიმრობის ვადებისა და წინასწარი პატიმრობის გაგრძელების დასაბუთებულობის შესახებ.
სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა გიგი უგულავა და იუსტიციის სამინისტრო.
„უწყების თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ კონვენციის დარღვევა დაადგინა ორ ეპიზოდთან მიმართებით, რომელთაგან ორივე შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს კრიტიკის საგანს წარმოადგენდა 2015 წლამდე მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა.
კერძოდ, მომჩივნის დაკავების კანონიერებასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წელს მოქმედი კანონმდებლობით, არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მიხედვით ცალ-ცალკე, პარალელურ ან თანმიმდევრულ სისხლისსამართლებრივ სამართალწარმოებაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების პრაქტიკა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბერს მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ.
შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საკონსტიტუციო სასამართლოს მიგნებები, და მიიჩნია, რომ 2014 წლის ივლისში მომჩივნისათვის პატიმრობის პირველადი შეფარდებიდან 9 თვის შემდეგ, მისი პატიმრობაში დატოვება კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა. ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ მომჩივნის განგრძობადი პატიმრობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული ეროვნული სასამართლოების მიერ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014-2015 წლებში გიორგი უგულავას დაკავება მიზნად არ ისახავდა პოლიტიკური ცხოვრებიდან მის ჩამოშორებას.
უგულავა კი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასე გამოეხმაურა:
„მოგეხსენებათ, ამათ მე მრავალჯერ დამიჭირეს. 2020 თადუმაძე & კომპანიის განაჩენიც გასაჩივრებულია სტრასბურგში, წარმოებაში მიღებულია და იქაც გამარჯვებას ველოდები.
მთავარი, რაც მიხარია არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ პრაქტიკულად ბეჭედი დაასვა 9 თვეზე მეტ ხანს წინასწარი პატიმრობის მავნე პრაქტიკას, რაზეც სალომე ზურაბიშვილი გვიხსნიდა – რომც შეიწყალოს სააკაშვილი, მას წინასწარი პატიმრობით ოცნება ისევ დაიჭერსო. ტყუილია ეს!”, – წერს უგულავა.