მდინარაძე „უკადრებელს" უწოდებს პრეზიდენტის განცხადებას შემდეგ პატრიარქზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე „უკადრებელს” უწოდებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლითაც მან იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია შეძლებს, „შემდეგი პატრიარქი პროქართული და პროევროპული აირჩიოს და არა – პრორუსი”.

სალომე ზურაბიშვილმა 28 თებერვალს, ლონდონში ვიზიტისას, საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის ბრიტანულ ცენტრში, Chatham House-ში საპატრიარქოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

კითხვა: მინდა გკითხოთ ქართული ეკლესიის როლის შესახებ, რადგან ზოგიერთი საქართველოს ეკლესიას ხედავს, როგორც რუსეთის რბილ ძალას, რომ რუსეთი უფრო და უფრო მეტ გავლენას იძენს საქართველოს ეკლესიაში. პატრიარქი მოხუცდა და არსებობს შიში, რომ როდესაც ის გარდაიცვლება, და ღმერთმა არ ქნას, ეს მალე მოხდეს, შესაძლოა, საქართველოს ეკლესიაში პრორუსული ტენდენცია იყოს, იმ ეკლესიაში, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს საქართველოს საზოგადოებაზე

სალომე ზურაბიშვილი: ეკლესიასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან კომპლექსურია, ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ დღეს  პატრიარქი ფიზიკურად სუსტადაა; პატრიარქი, რომელმაც ამ ეკლესიის გეზი ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ჩემი აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან და ვიტყოდი, რომ მიდრეკილია, მიჰყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებას. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეკლესია ამ შემთხვევაშიც გაჰყვება პროევროპულ რიტორიკას. ვინაიდან ოპტიმისტური ვარ და მჯერა საქართველოს სიმტკიცის. იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი და არა პრორუსი, პატრიარქის არჩევას.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება „პატრიარქის შეურაცხყოფად“ შეაფასა.

„ქალბატონმა სალომემ მოახერხა: პატრიარქს დაესხა თავს და ცოცხალ ადამიანზე, რომელმაც ძალიან დიდი ხანი უნდა იცოცხლოს კიდევ და ჯანმრთელობა უნდა ვუსურვოთ, ლაპარაკობს მის შემცვლელზე, მის სისუსტეზე და რაღაც მინიშნების კონტექსტში მართვის პროევროპულ და რუსულ განსხვავებებზე საპატრიარქოში. სად დადგა ეს დღის წესრიგში? რა პროევროპული მართვა, რაიმე შეამჩნია ისეთი, რომ იყო მართვა, სადაც რუსული ელემენტები იკითხებოდა და ამას პატრიარქს აბრალებს თუ რა ხდება?

მე მგონია, რომ რბილი ნათქვამიც კია სიბინძურე, თუ ამ კომენტარზე ამ სიტყვას გამოვიყენებთ, იმიტომ, რომ აქამდე მას ეს არ უკადრებია და იკადრა ის, რაც ყველაზე რადიკალური ოპოზიციის მხოლოდ ნაწილმა – რამდენიმე ადამიანმა იკადრა და ეს არის პატრიარქზე თავდასხმა”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება „გამაოგნებელია” და პრეზიდენტი „ასეთი განცხადებებით საკუთარ იმიჯს აზიანებს”.

„სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გქონდეს. იმდენი უხეში ქმედება განახორციელა მან სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომ ყველაფერი შეიძლება, გააკეთოს.  მაგრამ ამ მარჩიელობაში მე ვერ შევალ”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით კი, „ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი”. ამასთან, მისი შეფასებით, პრეზიდენტი ეკლესიის საქმეებში ერევა.

„გაუგებარია, რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი „ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ისვე, როგორც ეკლესიის მხრიდან „პროდასავლური რიტორიკის მიყოლის“ შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს ეკლესია „ახლოსაა ძალასთან?“. სამწუხაროა ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა პრეზიდენტის სიმაღლიდან და ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპულ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს და აკნინებს, არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს”, – დაწერა ანდრია ჯაღმაიძემ