„უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება“ - ავალიშვილი შსს მაღალჩინოსანთა მისამართების დაფარვაზე

პუბლიკა

დღეს, მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. დეპუტატმა კახა კახიშვილმა გომელაურს ინიციატივით მიმართა, პოლიციელებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლების დეკლარაციებში, რომელიც ონალინსივრცეშია განთავსებული, დაიშტრიხოს ინფორმაცია მათი და მათი ახლობლების საცხოვრებელი სახლების, ტელეფონის ნომრებისა და ოჯახის წევრების სამუშაო ადგილების შესახებ, ვინაიდან ამ ტიპის ინფორმაციის საჯაროდ განთავსება  შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პროგრამების დირექტორი ლევან ავალიშვილი განმარტავს, რომ დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ მაღალი თანამდებობის პირებს და არა რიგით თანამშრომლებს, მისამართები კი მითეთებულია პირველ რიგში ქონების კუთხით, თუ რა ქონებას ფლობს კონკრეტული პირი და რა მისამართზე.

ავალიშვილი აქვე განმარტავს, რომ დეკლარაციების საჯაროობას აქვს ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი, სწორედ იმ კუთხით, რომ მოხდეს კორუფციის პრევენცია. სამოქალაქო სექტორისთვის, მედიისთვის ეს არის თანამდებობის პირების საქმიანობაზე, ქონებასა და შემოსავლებზე დაკვირვების, მონიტორინგისა და ანალიზის საშუალება. შესაბამისად, დეკლარაციებში ინფორმაციის დაფარვა დაუშვებელია და „ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება“.

„რა თქმა უნდა, ამას მხარს ვერ დავუჭერთ, რადგან ზოგადად დეკლარაციის საჯაროობის მთავარი არსი არის სწორედ ის, თუ რა ქონებით მოვიდა თანამდებობაზე ეს კონკრეტული პირი და რა ქონებით წავიდა, რას ფლობდა ის იქამდე, სანამ სამსახურში დაწყებდა მუშაობას და რა ქონებას ფლობს ის ამ წლების განმავლობაში, სხვაგვარად როგორ უნდა გადამოწმდეს. ამ დეკლარაციების საჯაროობას აქვს მაღალი ანტიკორუფციული ღირებულება. ეს დეკლარაციები დიდი ხანია უკვე ხელმისაწვდომია და პრობლემა იმ კუთხით, რასაც ბატონი კახიშვილი ამბობს, არავის არ შექმნია, მით უმეტეს ძალოვნებს, რომელებიც კანონს იცავენ, შესაბამისი რესურსიც აქვთ, რომ დანაშაული აღკვეთონ. ეს ყოვლად დაუშვებელი არის და მისაღები, რა თქმა უნდა, ვერ იქნება, მით უმეტეს თანამდებობის პირებზეა საუბარი და არა რიგით თანამშრომლებზე“, – განმარტავს ლევან ავალიშვილი.

მისივე თქმით, მაღალი თანამდებობის პირები აღნიშნულ დეკლარაციას ავსებენ უკვე წლებია და იმ ტიპის რისკი, რომელზეც კახიშვილი საუბრობს, ჯერჯერობით არ გამდგარა.

„მეორე მხრივ, 2017 წელს შევიდა ძალაში საკანონმდებლო რეგულაცია, რომლის საფუძველზეც დეკლარაციას ავსებენ, მაგრამ საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის იმ თანამდებობის პირთა დეკლარაციები, რომელთა თანამდებობას სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით აქვს გრიფი მინიჭებული, ანუ გარკვეულწილად უსაფრთხოების სექტორზე გარკვეული გარანტიები არსებობს, მაგარმ ეს, რა თქმა უნდა, ვერ გავრცელდება ყველა თანამდებობის პირზე. შესაბამისად, ეს ინიციატივა არ იქნება მისაღები, ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ყველა მიმართულებით“, – ამბობს ავალიშვილი.

ვახტანგ გომელაურმა კახიშვილის ინიციატივის პასუხად განაცხადა, რომ ისიც იზიარებს მოსაზრებას, რომ, მაგალითად, დეპარტამენტის ხელმძღვანელების დეკლარაციებში მითითებული ინფორმაცია მისამართების შესახებ არ უნდა იყოს საჯარო.

„რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ეს პრობლემა იდგა ჩემი ძველი სამსახურიდან გამომდინარე. ხშირი იყო ხელმძღვანელი პირების… არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში მინისტრზე და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თემაზე. მესმის საჯარო უნდა იყოს ჩემი დეკლარაცია, კი ბატონო. დეპარტამენტის ხელმძღანელები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ… თუნდაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თუნდაც დაზვერვის ხელმძღვანელი. მეც ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს ღია. კი ბატონო, ქონებრივი იყოს, მაგრამ მითითებულ მისამართებზე გეთანხმებით. ამაზე სამუშაოა და კარგი იქნება, თუ პარლამენტში ამის ინიციარება მოხდება“, – განაცხადა გომელაურმა.