უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტეტო აქციებს აანონსებს

პუბლიკა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს.

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ერგნეთის შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ოჯახთან მივიდნენ და არსებული ვითარება და გაწეული ძალისხმევა გააცნეს, გახელაძის ოჯახი აცხადებს, რომ ხელისუფლება სათანადოდ არ მუშაობს გახელაძის გასათავისუფლებად.

„ცხრა თვე-ნახევრის შემდეგ ისევ დაპირებები, ვმუშაობთო. მე შედეგს ვერ ვხედავ, არანაირი კონკრეტულ დროსა და ვადაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ისევ მუშაობენ.  ჩვენც ამის შემდეგ მოვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას ან გავაკეთებთ აქციებს, რაღაცას მოვიმოქმედებთ“, – აცხადებს ნანა ბუნტური, ზაზა გახელაძის დედა.

გახელაძის ოჯახს თანადგომას უცხადებენ თანასოფლელებიც.

„თუ მთავრობა ვერაფერს ვერ გააკეთებს, სოფელი იწყებს აქციებს, მეტი გზა არ არის. ველოდებით 9 თვეა და ვერაფერი გამოვიდა. გადავკეტავთ ტრასას ბოლო-ბოლო. გაგვცენ პასუხი, ჰო თუ არა“, – აცხადებს ადგილობრივი „ფორმულასთან“.


გუშინ, 27 აპრილს ერგნეთში რიგით 99-ე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავარი საკითხი იყო რუსი ჯარისკაცების მიერ ღოღეთთან და ტახტისძირში ბორდერიზაციის პროცესი, ასევე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებში დაბრუნების საკითხი.

მისი თქმით, შედგა საინტერესო დიალოგი და გრძელდება მოქალაქეების სახლებში დაბრუნების კუთხით მუშაობა. მისივე თქმით, დიალოგის გაგრძელებაზე მეორე მხარისგან თანხმობა არის. სუს-ის წარმომადგენელი მოელის, რომ საერთაშორისო პარტნიორები გაააქტიურებენ ძალისხმევას ამ საკითხზე, და უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებს დადებითი მოლოდინი გაუმართლდებათ.


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 5 თებერვალს ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.

„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”, – განაცხადეს უწყებაში.

მას სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავებოდნენ.