უკიდურესად საგანგაშო ხასიათი შეიძინა ვითარებამ ცხინვალის რეგიონში – ციხელაშვილი

პუბლიკა

„უკიდურესად საგანგაშო ხასიათი შეიძინა ვითარებამ ცხინვალის რეგიონში. ადამიანებს სჭირდებათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა და არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა იმის გამო, რომ რეგიონი არის იზოლირებული უკვე თვეების განმავლობაში“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით,  4 სექტემბრიდან დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რეჟიმის ამგვარ მიდგომას.

„იმის მიუხედავად, რომ ხდება ცხელ ხაზზე კომუნიკაცია, ამ ადამიანების სურვილისა და საჭიროების დაფიქსირება, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების. ასეთი პაციენტები დღესაც იმყოფებიან ახალგორში და უნდა, საუბედუროდ, აღვნიშნო, რომ სწორედ ეს შეზღუდვები ყველაზე მეტად აზარალებს ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, რომელიც არის, ფაქტობრივად, გაგრძელება აი, ამ ეთნიკური დისკრიმინაციის, რომელსაც აქვს სხვადსხვა ფორმა.

4 სექტემბრიდან – ეს ის თარიღია, როდესაც ახალგორის მიმართულებაზე, ფაქტობრივად, ერთადერთი გადასასვლელი პუნქტი ჩაიკეტა, დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა აი, ამ რეჟიმის ამგვარ მიდგომებს, რომელიც ჰუმანურობის არც ერთ პრინციპში არ ჯდება. რა თქმა უნდა, სრულიად უკანონოა, ფაქტობრივად, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებების უხეში შელახვა.

დღესაც ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა შესაძლებლობას, პლატფორმას, ეთერსა თუ სამუშაო ფორმატს ვიყენებ და ვიყენებთ ყველა ჩვენგანი და შესაბამისი უწყებები იმისათვის, რომ დავაფიქსიროთ პოზიცია და ასევე მოვუწოდოთ ყველა დე ფაქტო გადაწყვეტილების მიმღებთ, რომ ხელი არ შეუშალონ ადამიანებს, რომელთაც ახლა მიმდინარე რეჟიმში კრიტიკულად ესაჭიროებათ დახმარება და დრო მათთვის უდრის სიცოცხლეს, მიეცეთ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების”,  – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.