უკრაინა და საქართველო ერთად გაიმარჯვებს და ამაზე ლეგენდები შეიქმნება - სტეფანჩუკი

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედზე“ პირდაპირ ეთერში გასული ინტერვიუს შემდეგ უკრაინის რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა twitter-ზე ინტერვიუს შესახებ დაწერა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის ელოდება უკრაინაში მიწვევაზე დადებით პასუხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, შალვა პაპუაშვილისგან.

„ველოდები დადებით პასუხს ჩემს მოწვევაზე შალვა პაპუაშვილისგან. უკრაინა მზადაა მასთან ერთად განიხილოს ვიზიტის დეტალები. ჩვენი ქვეყნების ტერიტორიები „დაკბენილია“ რუსეთის მიერ. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ამ გამარჯვებაზე ლეგენდები შეიქმნება“, – წერს ის.

უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მას ხვალ სატელეფონო საუბარი ექნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან.

ტელეკომანია „იმედის“ სინქრონული თარგმანის თანახმად, უკრაინის რადის თავმჯდომარის განცხადებით, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იწვევს შალვა პაპუაშვილს უკრაინაში და მზად არის ხვალ, სატელეფონო საუბრისას ვიზიტის დეტალები განიხილოს მასთან.

მან ასევე მადლობა გადაუხადა საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც, სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის უკრაინაში ჩასვლას გეგმავს.