ხვალ მექნება პაპუაშვილთან ოფიციალური ზარი - სტეფანჩუკი

პუბლიკა

უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მას ხვალ სატელეფონო საუბარი ექნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან.

ტელეკომანია „იმედის“ სინქრონული თარგმანის თანახმად, უკრაინის რადის თავმჯდომარის განცხადებით, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იწვევს შალვა პაპუაშვილს უკრაინაში და მზად არის ხვალ, სატელეფონო საუბრისას ვიზიტის დეტალები განიხილოს მასთან.

„მე მოვიწვიე მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი, რათა ჩამოვიდნენ და საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში. ასევე მოვიწვიე საქართველოს პარლამენტის სპიკერი, მქონდა მასთან საუბარი და ჩვენ შევთანხმდით, რომ ხვალ მასთან მექნება ოფიციალური ზარი, კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო ჩემი მოწვევა. მზად ვარ, მასთან განვიხილო ყველა დეტალი მისი უკრაინაში ვიზიტისა. მე ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები, მე მას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას. იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ მექნება შესაძლებლობა, შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობდით“, – განაცხადა  რუსლან სტეფანჩუკმა.

ამასთან, სტეფანჩუკმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტიდან დელეგაციას, რომელიც უკრაინაში ჩასვლას აპირებს.