უკრაინა მტკიცედ დგას და არასდროს დანებდება - ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს მიმართა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ვიზიტისას კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და ამერიკელებს მიმართა.

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში ზელენსკიმდე სხვა ქვეყნის ლიდერი ბოლოს 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს წარსდგა. მაშინ კონგრესს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა, უინსტონ ჩერჩილმა მიმართა. წელს კი საშობაოდ, კონგრესს უკვე უკრაინის პრეზიდენტი მიმართავს, რომლისთვისაც მის ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველი საგარეო ვიზიტი იყო.

სიტყვის დასაწყისში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ უკრაინა იბრძვის და არასდროს დანებდება.

„ყველა მოლოდინის, ყველა მძიმე სცენარის საწინააღმდეგოდ, უკრაინა არ დაეცა. უკრაინა ცოცხალია და იბრძვის. მადლობა. და ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გაგიზიაროთ ჩვენი პირველი გამარჯვება: ჩვენ დავამარცხეთ რუსეთი მსოფლიოს გონებაში. ჩვენ არ გვეშინია და არც არავის უნდა ეშინოდეს ამ მსოფლიოში. უკრაინელებმა მოიპოვეს გამარჯვება და ეს გვაძლევს იმ შემართებას, რომელიც შთამაგონებელია დანარჩენი სამყაროსთვის“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ბრძოლა არ მიდის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინელები ევროპელების დასაცავადაც იბრძვიან, იცავენ ყველას თავისუფლებასა და უსაფრთხოებას, ვისაც კი შეიძლება დაემუქროს რუსული საფრთხე.

მან განაცხადა, რომ ამ ომის ბედი გადაწყვეტს, იქნება თუ არა დემოკრატია არამხოლოდ უკრაინაში, არამედ აშშ-სა და ყველა სხვა ქვეყანაშიც. რადგან არ შეიძლება იმ საფრთხის იგნორირება, რომლის წინააღმდეგაც უკრაინა იბრძვის. ზელენსკის თქმით, მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება და უკრაინამ, თავის მოკავშირე აშშ-სთან ერთად უნდა შეძლოს საერთო თავისუფლების უზრუნველყოფა.

„ვაშინგტონში ჩამოსვლამდე მე ვიყავი ფრონტის ხაზზე, ბახმუტში. დონბასში მდგარ ჩვენს „ციხესიმაგრეში“. რუსეთის არმია და დაქირავებული მებრძოლები მაისის შემდეგ უწყვეტად ცდილობენ ბახმუტის აღებას. ისინი იბრძვიან დღე და ღამე, მაგრამ ბახმუტი კვლავ დგას.

გასულ წელს იქ, ბახმუტში 70 000 ადამიანი ცხოვრობდა. ახლა კი მხოლოდ მათი მცირე ნაწილი დარჩა. იქ მიწის თითოეული გოჯი სისხლითაა შეღებილი. ყოველ საათში ისმის არტილერიის ქუხილი. დონბასში სანგრები ხელიდან ხელში გადადის მძიმე ბრძოლების დროს, ხელჩართულშიც რომ გადადის ზოგჯერ. მაგრამ უკრაინის დონბასი კვლავ მტკიცედ დგას.

რუსები – რუსები იყენებენ ყველაფერს, ყველაფერს რაც კი გააჩნიათ ბახმუტისა და ჩვენი სხვა მშვენიერი ქალაქების წინააღმდეგ. ოკუპანტებს აქვთ მნიშვნელოვანი უპირატესობა არტილერიაში, ამუნიციაში. მათ აქვთ იმაზე მეტი რაკეტა და თვითმფრინავი, ვიდრე ჩვენ ოდესმე გვყოლია. ეს სიმართლეა, მაგრამ ჩვენი ძალები მედგრად იცავენ თავს და ჩვენ ყველა ვამაყობთ ამით.

რუსების ტაქტიკა პრიმიტიულია. ისინი წვავენ და ანადგურებენ ყველაფერს, რასაც ხედავენ. ისინი უშვებენ კრიმინალებს ფრონტზე, ომში ციხიდან მიჰყავთ ხალხი. მათ ყველაფერი გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ, რაც კი შეეძლოთ, ისევე როგორც სხვა ტირანია იყენებდა ამას ბულგის ბრძოლაში თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ. და როგორც მამაცმა ამერიკელმა მეომრებმა იბრძოლეს ჰიტლერის წინააღმდეგ 1944 წლის შობის დროს, ისე იბრძვიან უკრაინელებიც ამ შობას პუტინის წინააღმდეგ.

უკრაინა – უკრაინა დგას მტკიცედ და არასდროს დანებდება. ესაა ფრონტი ტირანიის წინააღმდეგ, რომელიც მთელი ბოროტებით იბრძვის თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, არამარტო იმისთვის, რომ გავუძლოთ ამ ბრძოლას, არამედ იმისთვისაც, რომ გარდატეხის შეტანა შევძლოთ და ბრძოლის ველზე მოვიპოვოთ გამარჯვება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მხარდაჭერაზე საუბრისას, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს დახმარებისთვის, ამასთან დასძინა, რომ იმისთვის, რათა უკრაინამ რუსეთის სრულად განდევნა შეძლოს, მეტი შეიარაღება სჭირდება.

ზელენსკის თქმით, „პეტრიოტის“ სისტემები, რომელსაც ახლა მიიღებს უკრაინა შეერთებული შტატებისგან, დაეხმარება მათ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაში. რადგან ტერორისტულმა რუსეთმა იპოვა ომის მოკავშირე ტერორისტულ ირანში და მისი დახმარებით ფრონტზე წარუმატებლობის გამო თავს ესხმის მშვიდობიან მოქალაქეებს.

თუმცა ზელენსკის თქმით, უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება და მოკავშირეებს შორის ამ დახმარებაზე არ უნდა არსებობდეს ტაბუ. უკრაინას არასდროს უთხოვია ამერიკელებისთვის, რომ მათთვის ებრძოლათ, მათ მხოლოდ მეტი შეიარაღება სურთ.

ამასთან, ზელენსკის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური დახმარება და ეს არ იქნება ამერიკის ქველმოქმედება, ეს იქნება ინვესტიცია გლობალური მშვიდობის მშენებლობისთვის, რომელსაც უკრაინა მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდება.

„თქვენ შეგიძლიათ გაამკაცროთ სანქციები, რომ რუსეთს აგრძნობინოთ, სინამდვილეში რამდენად დამანგრეველია მისი აგრესია. ეს თქვენს ხელშია, თქვენ გაქვთ ძალა, რომ დაგვეხმაროთ სამართლიანობის აღსრულებაში მათ წინააღმდეგ, ვინც ეს არაპროვოცირებული, კრიმინალური ომი წამოიწყო. მოდით, გავაკეთოთ ეს. ტერორისტულმა სახელმწიფომ პასუხი უნდა აგოს მისი ტერორისა და აგრესიის გამო და გადაიხადოს ყველა იმ ზიანისთვის, რაც ამ ომით მოიტანა. მოდით, ვაჩვენოთ მსოფლიოს, აშშ აქ დგას.

ქალბატონებო და ბატონებო, ამერიკელებო, ორ დღეში ჩვენ აღვნიშნავთ შობას. ალბათ სანთლებით. არა იმიტომ, ეს უფრო რომანტიკულია, არა, იმიტომ, რომ არ გვექნება ელექტროენერგია. მილიონობით ადამიანს არ ექნება არც გათბობა და არც წყალი. ეს ყველაფერი ჩვენს ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსების სარაკეტო იერიშების შედეგია.

მაგრამ ჩვენ არ დავიჩივლებთ. არ განვსჯით და არ შევადარებთ, ვისი ცხოვრება უფრო მარტივია. თქვენი კეთილდღეობა შედეგია თქვენი ეროვნული უსაფრთხოების, შედეგია დამოუკიდებლობისთვის თქვენი ბრძოლისა და უამრავი გამარჯვების. ჩვენ, უკრაინელებიც გავივლით ამ ომს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. გავივლით ღირსეულად და წარმატებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სიტყვის დასასრულ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მართალია, ბევრი რამ არის დამოკიდებული უკრაინელ მებრძოლებზე, მაგრამ ასევე დამოკიდებულია დანარჩენ მსოფლიოზეც, მსოფლიო კი მნიშვნელოვანწილადაა აშშ-ზე დამოკიდებული. ამიტომ, მისი თქმით, ბახმუტიდან უკრაინელმა მებრძოლებმა მას თან გაატანეს უკრაინის დროშა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და ვიცე-პრეზიდენტს გადასცა.