უკრაინა პოლონეთისგან დასავლეთის დახმარებით 100 ჯავშანტრასპორტიორ Rosomak-ს შეიძენს - მორავიეცკი

პუბლიკა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინა პოლონეთისგან 100 ჯავშანტრასპორტიორ Rosomak-ს შეიძენს.

„Rosomak არის უმაღლესი კლასის ჯავშანტრანსპორტიორი. ეს შესყიდვა ევროკავშირისა და აშშ-ის ფინანსური დახმარებით მოხდება“, – წერს მორავიეცკი Twitter-ზე.

Rosomak თანამედროვე, ერთ-ერთი ყველაზე დაცული მრავალმოდულური ჯავშანტრანსპორტიორია, მასზე შეიძლება განთავსებული იყოს სხვადასხვა კალიბრის ქვემეხი, ნაღმტყორცნები ან ტანკსაწინააღმდეგო სისტემები.

რამდენიმე დღის წინ, სანამ პოლონეთის ხელისუფლება ჯავშანტრანსპორტიორებთან დაკავშირებულ შეთანხმებას გამოაცხადებდა, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები პოლონეთში ამერიკულ ჯავშანტექნიკასთან ერთად Rosomak-ებზეც გადიოდნენ წვრთნას.