ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა „რუსეთის ულტიმატუმების მიღებას არ აპირებს“

პუბლიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა „რუსეთის ულტიმატუმების მიღებას არ აპირებს.“

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთში ვიზიტის დროს განაცხადა აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრასთან დაკავშირებით.

„რუსეთი დაესხა თავს უკრაინას და ჩვენ არ გვქონდა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ აგვეღო იარაღი და დაგვეცვა თავი. არ ყოფილა არანაირი დიპლომატია, რადგან რუსეთი დაგვესხა თავს, დაესხა თავს უკრაინას ღამით და უკრაინელებმა აიღეს იარაღი და დაიწყეს თავიანთი ქვეყნის დაცვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინას ულტიმატუმი წაუყენა ომის დაწყებისთანავე და მოითხოვდა უკრაინის სამხედრო ძალების რაოდენობის შემცირებას და პრორუსული ხელმძღვანელობის დანიშვნას.

„ჩვენ თუ არ წავედით ყველა ამ ულტიმატუმზე ყველაზე რთულ მომენტში, რატომ გვაქვს შეგრძნება, რომ უკრაინა ამას ახლა გააკეთებს?“ [„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თარგმანი],- აცხადებს ზელენსკი.

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების 4-საათიანი შეხვედრა რამდენიმე საათის წინ დასრულდა.

დელეგაციები უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესაძლო შეთანხმებაზე სასაუბროდ შეხვდნენ.

​აშშ-ის დელეგაციიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი.

რუსეთის დელეგაციაში იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და პუტინის მრჩეველი საგარეო საკითხებში, იური უშაკოვი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა „გრძელი და რთული გზის პირველი ნაბიჯია“