უკრაინა რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს, რომელშიც ივანიშვილის ნათესავებიც მოხვდნენ

პუბლიკა

უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. სანქცირებულთა სიაში რუსეთის მოქალაქეები, რუსეთში მომუშავე ფიზიკური და იურიდიული პირები არიან. სანქცირებულთა შორის აღმოჩნდნენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავებიც.

სანქცირებულთა სიაში არის ბიძინა ივანიშვილის ძმა – ალექსანდრე ივანიშვილი და მისი ცოლი – ქეთევან ხარაიძე, ასევე ბძინა ივანიშვილის დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი და უჩა მამაცაშვილის შვილი – ტიტე მამაცაშვილი.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთში მომუშავე სხვა ქართველი ბიზნესმენებიც – დავით იაკობაშვილი, ასევე ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

სანქციების დაწესებაზე ორ განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი დღეს მოაწერა. სანქციების პაკეტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნულმა საბჭომ შეიმუშავა. ის მოიცავს 2 507 ფიზიკურ პირსა და 1 374 იურიდიულ პირს.

საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, ეს იყო რთული და შრომატევადი სამუშაო.

„სიაში არიან რუსი ოლიგარქები, ზოგიერთის გვარი მოულოდნელიც შეიძლება იყოს, ასევე ბევრი კომპანია და კორპორაცია“, – განაცხადა უკრაინულ მედიასთან ოლექსი დანილოვმა.

უკრაინის ხელისუფლების მიერ დაწესებული სანქციები ამ პირებისთვის აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, სახელმწიფო ქონების იჯარით აღების შესაძლებლობის შეჩერებას, უძრავი ქონების შეძენის აკრძალვას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების ჩამორთმევას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენციას და სხვა ტიპის შეზღუდვებს მოიცავს.

LB loan image desktop LB loan image mobile