უკრაინას სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციას აშშ-ის ნაცვლად საფრანგეთი მიაწოდებს

პუბლიკა

უკრაინას სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციას აშშ-ის ნაცვლად საფრანგეთი მიაწოდებს.

ინფორმაცია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ დაადასტურა France Inter Radio-სთან საუბრისას.

„ჩვენი დაზვერვა სუვერენულია. ჩვენ გვაქვს დაზვერვა, რომლითაც უკრაინას სარგებლობის უფლებას ვაძლევთ“, — თქვა ლეკორნუმ.

სებასტიენ ლეკორნუმ ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას სთხოვა, რომ უკრაინისთვის „საფრანგეთის დახმარების სხვადასხვა პაკეტი დაეჩქარებინა“.

6 მარტს ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გააგრძელოს უკრაინელების მხარდაჭერა, „რათა მათ წინააღმდეგობა გაწიონ მანამ, სანამ ისინი შეძლებენ რუსებთან მშვიდობაზე მოლაპარაკებას“.

მაკრონის თქმით, სწორედ ამიტომ, მშვიდობისკენ გზა არ შეიძლება გულისხმობდეს უკრაინის მიტოვებას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობა ვერ იქნება როგორც უკრაინის ნგრევა და დანებება, ისე – ცეცხლის შეწყვეტაზე მყიფე შეთანხმება, რომელსაც რუსეთი არ დაიცავს.

აშშ უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას 2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან აწვდიდა.

სადაზვერვო დახმარების შეწყვეტის შესახებ ოთხშაბათს CIA-ს დირექტორმა, ჯონ რატკლიფმა განაცხადა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის პოზიტიური მოლაპარაკებები ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიძლება, დროებითი იყოს.

4 მარტს აშშ-მა უკრაინას ყველა სახის სამხედრო დახმარება შეუჩერა, მათ შორის, გააჩერა ის შეიარაღება და საბრძოლო მასალები, რომლებიც უკვე სატვირთო ხომალდებზე იყო და უკრაინაში უნდა გაგზავნილიყო.

რამდენიმე დღით ადრე, 28 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში იმყოფებოდა. მან, დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვანსმა იკამათეს, შედეგად ხელი არ მოეწერა შეთანხმებას უკრაინის მინერალების შესახებ. ტრამპმა ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომთან თამაშში“ დაადანაშაულა.