უკრაინაში დაღუპული ქართველების სახელები გმირთა მოედანზე, მემორიალზე ამოტვიფრონ - ოქრუაშვილი

პუბლიკა

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აქვს ინიციატივა, რომ უკრაინაში გარდაცვლილი ქართველის მებრძოლების სახელები გმირთა მოედანზე, ომში დაღუპულთა მემორიალზე ამოტვიფრონ.

ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილი Facebook-ზე წერს. ის უკრაინაშია.

„სამწუხაროა, უკრაინაში დაღუპულ გმირებს ძმათა სასაფლაოზე რომ არ კრძალავენ. იმავდროულად თბილისის მერი დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო. არ გაინტერესებთ რამდენად ყალბია და ფარისევლური კალაძის ქცევა? მოდით, შევამოწმოთ.

ყველამ მოვითხოვოთ მერიისგან, რომ უკრაინაში გარდაცვლილი ბიჭების სახელები ამოტვიფრონ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალზე, ისინი ხომ უკრაინაში საქართველოსთვის იბრძოდნენ”, – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.


რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოდან არაერთი ყოფილი სამხედრო და მოხალისე წავიდა უკრაინის დასახმარებლად. ომში 4 ქართველი მებრძოლი დაიღუპა – დავით რატიანი, ბახვა ჩიქობავა, გია ბერიაშვილი,  დავით გობეჯიშვილი. დავით რატიანის  და გია ბერიაშვილის ცხედრები საქართველოში 26 მარტს ჩამოასვენეს.