უკრაინაში ხერსონის დაბრუნებას ზეიმობენ

პუბლიკა

უკრაინული მედიით ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ ესალმებიან უკრაინელ სამხედროებს ხერსონში. ხერსონის მცხოვრებლები უკრაინელი სამხედროების დასახვედრად ქუჩებში უკრაინული დროშებით გადიან.

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო მეთაურობამ მიიღო გადაწყვეტილება ხერსონიდან რუსეთის ძალების დნეპრის მარცხენა ნაპირზე გაყვანის შესახებ. ხერსონიდან რუსი სამხედროების გაყვანა 11 ნოემბერს დასრულდა. მოსკოვის განცხადებით, ხერსონიდან 30 000 რუსი ჯარისკაცია გაყვანილი.

უკრაინული მედიის ცნობით, უკვე აღდგენილია და დაკავშირებულია უკრაინულ მაუწყებლობასთან ხერსონის ადგილობრივი სატელევიზიო სერვისი.

ხერსონი ერთადერთი რეგიონული ცენტრი იყო, რომელიც რუსეთის ძალებმა უკრაინაში 24 თებერვალს შეჭრის შემდეგ დაიკავეს და რუსი სამხედროების უკან ხერსონიდან გაყვანა რუსეთისთვის ომში დიდ წარუმატებლობად მიიჩნევა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ეს არის „ისტორიული დღე“. თეთრი სახლის განცხადებით, ხერსონიდან რუსების გასვლა „დიდი გამარჯვებაა“.

რუსეთში, ხერსონიდან ჯარის გაყვანას ოფიციალური პირები აფასებენ, როგორც „გადანაწილებას“.

როგორც უკრაინული და სხვა უცხოური მედია წერს, რუსების გასვლის შემდეგ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ანტონივსკის ხიდი ჩაინგრა. BBC წერს, უცნობია, ჩანგრევის მიზეზი და გარემოება.