უკრაინაში რუსეთის ანექსიის მცდელობა გაეროში ხმათა დიდი უმრავლესობით დაგმეს

პუბლიკა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსია უკანონო და არალეგიტიმურია.

რეზოლუციას მხარი 143 ქვეყნის წარმომადგენელმა დაუჭირა, მათ შორის იყო საქართველოც. 35-მა ქვეყანამ რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, 5 ქვეყანა კი წინააღმდეგ წავიდა. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა რუსეთთან ერთად მხოლოდ ბელარუსმა, ჩრდილო კორეამ, სირიამ და ნიკარაგუამ მისცა.

„საჭიროა, მკაფიო გზავნილი გვქონდეს: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არასდროს იქნება შემწყნარებელი უკანონო ანექსიის მცდელობების მიმართ. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ მათ. გაერო არასდროს შეიწყნარებს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ძალის გამოყენებით მიტაცებას. ჩვენ ერთად დავდგებით ამის წინააღმდეგ. არასდროს შევიწყნარებთ გაეროს ქარტიის დარღვევას. ჩვენ დავიცავთ მას“, – ასე მიმართა კენჭისყრის დაწყებამდე გენერალურ ასამბლეას გაეროში აშშ-ის ელჩმა.

ლინდა ტომას-გრინფილდის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ქვეყნის ზომას, სიმდიდრეს თუ სხვა მახასიათებლებს, საერთაშორისო სამართალმა უნდა დაიცვას ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

„დღეს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ხვალ სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება დაირღვეს. შეიძლება შემდეგი თქვენ იყოთ. რას მოელით ასამბლეისგან?“ – თქვა აშშ-ის ელჩმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრის შედეგებს კი არაერთი ქვეყანა გამოეხმაურა. მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც კენჭისყრას „ისტორიული“ უწოდა და მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომელბმაც მხარი დაუჭირა.

„მსოფლიომ თავისი სიტყვა თქვა – რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიის მცდელობას ფასი არ აქვს და მას არასდროს აღიარებენ თავისუფალი ერები“, – განაცხადა ზელენსკიმ.